16 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
"26 ოქტომბრის შემდეგ სუს-ი აღარ იარსებებს, გაუქმდება" - გიორგი ვაშაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას არჩევნების წინ, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული, ყალბი ჩანაწერების გავრცელების შესახებ ოპოზიცია გამოეხმაურა.

კოალიცია "ერთიანობა -  ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება "მარცხდება და ათას სისულელეს იგონებს".

"მარცხდებიან და ათას სისულელეს იგონებენ. სუს-ი, ამ ქვეყანაში 26 ოქტომბრის შემდეგ  აღარ იარსებებს, გაუქმდება," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი წევრი, იაგო ხვიჩიას შეფასებით, ინფორმაცია სუსი-დან თავად ამ უწყების ნებართვის გარეშე არ "ჟონავს".

"როგორც წინა შემთხვევაში იყო, სუს-ის კრებსები რომ გამოქვეყნდა, დაახლოებით, მსგავსი რაღაცა შეიძლება იყოს. არ ვიცი რა ჩანაწერებზე მელაპარაკებით, შესაბამისად როგორ გითხრათ, ვის ინტერესებში რა შედის? როცა გამოქვეყნდება, მერე შემიძლია გითხრათ, მაგრამ წინა გამოცდილება ჩვენ გვეუბნება, რომ ასეთი ტიპის ინფორმაციები თავად ამ ორგანიზაციის ნებართვის გარეშე არ ჟონავს," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დილით გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები გეგმავენ. მათივე ინფორმაციით, მიზანი ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, ხელისუფლებას და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუარესება და საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნაა. ამავე განცხადების თანახმად, სუს-ი აკვირდება ამ ჯგუფებს და, კანონდარღვევის შემთხვევაში, ექნება შესაბამისი რეაგირება.

 
დღის ამბები