პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის, და უკვე სალომე ზურაბიშვილის კოორდინირებული კამპანიის მიზეზი ეუთო/ოდირის პოზიტიური დასკვნაა, მიზანი კი საარჩევნო გარემოს შესახებ ყალბი აღქმების შექმნა. შალვა პაპუაშვილის თქმით, სადამკვირვებელო მისიის შუალედურმა ანგარიშმა დაადასტურა, რომ საარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და პროცესი ძალადობის, მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან თავისუფალია. პაპუაშვილი ამბობს, რომ მათი ოპონენტები საკუთარ მოკავშირეებთან ერთად ახლა ცდილობენ, საინფორმაციო ხმაურითა და დეზინფორმაციით საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ეუთოს დასკვნის საპირისპირო სურათი წარმოაჩინონ. სპიკერმა დღეს არგუმენტად კონკრეტული მაგალითებიც დაასახელა.
საპასუხოდ, ხელისუფლების ოპონენტების უმრავლესობა დღეს ამტკიცებდა, რომ საარჩევნო პროცესში მათი მხრიდან გამოვლენილი დარღვევები რეალურია. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ამბობდა, რომ დაძაბულობის ხელოვნურად შექმნას პარტიები გამოგონილი პრობლემებით ცდილობენ.
სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია აქტიურად ცდილობს პროვოკაციებით მმართველი პარტიის საპასუხო რეაქცია გამოიწვიოს, მშვიდი საარჩევნო გარემო დაძაბულად წარმოაჩინოს და ამომრჩეველზე ზეგავლენა მოახდინოს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის და მათი პარტნიორების საბოლოო მიზანი არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის ნიადაგის მომზადებაა.
სადამკვირვებლო მისიამ შუალედური დასკვნა 11 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ეუთო/ოდირის 26-გვერდიანი ანგარიში საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს აფასებს.