სალომე ზურაბიშვილს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იბარებენ. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ამის მიზეზი პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა. ზურაბიშვილმა თქვა, რომ არჩევნების დღეს, ადმინისტრაციის შენობაში საარჩევნო შტაბი შეიქმნება. სწორედ ამ განცხადებაში ხედავს რატი ბრეგაძე კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს. უწყებათაშორის კომისიაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს დღესაც ელოდებოდნენ, თუმცა ათონელის რეზიდენციიდან იქ არავინ მისულა.
სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაში კანონდარღვევის ნიშნებს ვერ ხედავს ოპოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტები, სახელისუფლებო პარტიას პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ. გამონაკლისია "გირჩი", რომლისთვისაც ზურაბიშვილის ინიციატივა გაუგებარია.
პრეზიდენტის გადაწყვეტილება და ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო შტაბის მოწყობა - ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებაა მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები კანონის ჩარჩოებს ცდება. კანონმდებლობის დარღვევა კი მათი შეფასებით, იმპიჩმენტისთვის საკმარისი არგუმენტია.
უწყებათშორისი კომისიის მორიგი სხდომა მომდევნო კვირაში გაიმართება. დაესწრება თუ არა პრეზიდენტი, ან მისი წარმომადგენელი სხდომას ადმინისტრაციას ამ დრომდე განმარტება არ გაუკეთებია.