კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნებიან კოალიციური მთავრობის წევრები არჩევნების შედეგების მიხედვით და არჩევნებამდე ე.წ. ტექნიკური მთავრობის დასახელების იდეას არ იზიარებენ. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ "ღამის კურიერში" ისაუბრა.
"საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს ქვეყნისთვის ასეთ კრიტიკულ და გადამწყვეტ მომენტში, ის არის პრეზიდენტის ინსტიტუტის დამოუკიდებლობის დამცველი. მან უზრუნველყო, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა არ დაკარგეს იმედი, საქართველოს ექნება ევროპული მომავალი და ქართველი ხალხი მიაღწევს საწადელ მიზანს, "ქართული ოცნების" ყველა მცდელობის მიუხედავად, რომ ეს პერსპექტივა დავკარგოთ. შესაბამისად, პრეზიდენტის მიმართ ჩვენი პატივისცემა კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, ასევე ვადასტურებთ ერთგულებას "ქართული ქარტიის" მიმართ.
ჩვენი პოზიცია არის შემდეგი - "ძლიერ საქართველოს" მიაჩნია, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თუ ვინ იქნებიან შემდგომი მთავრობის წევრები და მთავრობის თავმჯდომარე, არჩევნების შედეგების მიხედვით. პარტიები მიიღებენ სათანადო მანდატს იმისათვის, რომ იმსჯელონ ამ საკითხებზე. დღეს, სანამ სათანადოდ, მანდატით აღჭურვილები არ ვართ, ჩვენი მთავარი ამოცანა არის "ქართული ოცნების" ჩანაცვლება, ჩამოშორება ხელისუფლებიდან, ამაზე ვართ კონცენტრირებული.
თანამოქალაქეებთან შეხვედრებისას მათ აინტერესებთ ის დადებითი ცვლილებები, რომელიც მოჰყვება "ქართულ ოცნების" ჩანაცვლებას კოალიციური, პროდასავლური, პროევროპული მმართველობით და მთავრობით, მაგრამ მათ, ამ ეტაპზე, არ აინტერესებთ კონკრეტული სახელები - ვინ იქნებიან მთავრობის წევრები, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, იმიტომ, რომ მათთვის მთავარია "ქართული ოცნება" ჩამოშორდეს ხელისუფლებას არჩევნების შედეგად.
ეს არის დეკლარაციული ტიპის დოკუმენტი, რომელშიც არის გაწერილი რეფორმები, რომელიც აუცილებლად უნდა გავატაროთ, რადგან ჩვენი ამოცანაა, რომ სწრაფად გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირის გაწევრიანების შესახებ", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.