"გარე ძალების მხრიდან ჩვენზე ზეწოლა დაიწყო მაშინ, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი. ერთადერთი მიზეზი ამის იყო, რომ ჩვენგან ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას," - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
მაჭავარიანის თქმით, დახურულ კარს მიღმა პირდაპირი მითითებები იყო კონკრეტულ თემებზე. ამასთან, სერიოზული წნეხი მოდიოდა სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
მაჭავარიანის თქმითვე, გარე ძალების მხრიდან საქართველოზე ზეწოლა, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დასრულდება.
"დახურულ კარს მიღმა იყო ძალიან ბევრი საუბარი, ჩვენ წითელ ხაზებს არ ვკვეთ და გარეთ არ გამოგვაქვს რაღაცეები, თუმცა, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში ერთ-ერთი თემა თვითონ გამოიტანეს. თვითონ აღიარეს, რომ მოგვიწოდებდნენ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის და გაგვენადგურებინა ჩვენი ეკონომიკა, როდესაც ჩვენი ეკონომიკის წილი რუსეთის ვაჭრობაში არის 0.3%. დახურულ კარს მიღმა პირდაპირი მითითებები იყო კონკრეტულ თემებზე და მე უფლება არ მაქვს, რომ ეს გამოვიტანო, მაგრამ, რაც ღია მოწოდებები იყო, რაშიც ჩართული იყო გარე ძალების მიერ მართული რადიკალური ენჯეოები, რადიკალური ოპოზიციური პარტიები, ეს იყო - სანქციების დაწესება, რაც ევროპარლამენტმა თვითონვე აღიარა, სერიოზული წნეხი მოდიოდა, რომ ჩვენ მოხალისეები გაგვეშვა, მთავრობის ოფიციალური თანხმობით საბრძოლველად, რაც პირდაპირ ესკალაციას გულისხმობდა რუსეთთან და მესამე წნეხი მოდიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი შეიარაღება გადაგვეცა უკრაინისთვის, რაც ასევე, პირდაპირ ესკალაციას გულისხმობდა რუსეთისთვის.
ამავე დროს იმასაც შეგახსენებთ, ომი რომ დაიწყო, ბატონმა ზელენსკიმ ელჩი საქართველოდან გაიწვია თითქოს ამ მიზეზების გამო. საზოგადოებას მივმართავ, თუ ამ მიზეზების გამო გაიწვია ელჩი საქართველოდან, მაგალითად, რატომ არ გაიწვია ელჩი ბელორუსიიდან, საიდანაც რუსეთი პირდაპირ შევიდა უკრაინაში. ლოგიკური კითხვები ხომ ჩნდება?! ადამიანს ხომ უნდა გაუჩნდეს, რომ რაღაცაში იყო საქმე. იქ ჩვენ ომში გვითრევდნენ და მეორე ფრონტის გახსნაზე, ჩვენ ვთქვით უარი. შესაბამისად, ეს პროცესი დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის, სანამ უკრაინაში ომი მიმდინარეობს.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ იქითა წლის პირველ ნახევარში ეს ომი დასრულდება, ეს ინტერესი ავტომატურად გაქრება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება ჩვენი ურთიერთობები ავტომატურ რეჟიმში. გაუგებრობა ოჯახებშიც ხდება და სამეგობროშიც. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაცხადებთ, რომ მზადყოფნა არის ურთიერთობების გადატვირთვის, თუმცა ვალდებულები ვართ, რაღაცეებს პასუხი გავცეთ, მაშინ, როდესაც თეთრზე გვეუბნებიან, რომ შავია", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.