20 ოქტომბერი 2024,   16:41
ვრცლად
ონკოპაციენტებისთვის მკურნალობის უწყვეტობის და სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ონკოლოგიურ პაციენტებსა და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა, მკურნალობის უწყვეტობისა და სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობისთვის აუცილებელ კომპონენტებზე იმსჯელეს. განიხილეს ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, მათ შორის საუბარი შეეხო მედიკამენტების დეფიციტების საკითხს.

მინისტრის განცხადებით, პაციენტთა ინტერესებისა და მათი ჯანმრთელობის დაცვა, სახელმწიფოს პრიორიტეტია. შესაბამისად, სამინისტრო, ყველა მხარესთან თანამშრომლობით შეეცდება ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები, უწყების ხელმძღვანელობასა და ონკოლოგიურ პაციენტებს შორის პერმანენტულად იმართება და სამომავლოდაც აქტიურად გაგრძელდება.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, უახლოეს მომავალში გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა, რომელსაც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებიც დაესწრებიან და სხვადასხვა მედიკამენტის დეფიციტებთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავენ. ასევე, იმსჯელებენ აღნიშნული პრობლემის საბოლოოდ გადაჭრის ეფექტურ გზებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბიშვილი, დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე და სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე. ასევე - პაციენტთა ორგანიზაციების "ევროპა დონა საქართველოსა" და "ჰოუფის წარმომადგენლები".

დღის ამბები