25 ოქტომბერი 2024,   23:33
ვრცლად
"მალხაზ ერქვანიძის პოსტი წარმოადგენს თავდასხმას და შეურაცხყოფას მთლიანად ფოლკლორის დარგისა და სფეროში მოღვაწე ასეულობით ადამიანს" - ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ეთნომუსიკოლოგ მალხაზ ერქვანიძის განცხადებას ცილისწამებას და ფოლკლორის სფეროში მოღვაწე ასობით ადამიანის შეურაცხყოფას უწოდებს.

მალხაზ ერქვანიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ "მაფიოზურად იმართება დღევანდელი ქართული ფოლკორის სფერო და ეს უნდა დასრულდეს".

"2012 წლიდან ტრადიციულ ხელოვნებაზე ზრუნვა სახელმწიფოს განსაკუთრებულ პრიორიტეტად იქცა. მთავარი ინსტიტუცია კი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და ასობით ადამიანს აერთიანებს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია.

მალხაზ ერქვანიძის პოსტი წარმოადგენს თავდასხმას და შეურაცხყოფას არამხოლოდ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, არამედ მთლიანად ფოლკლორის დარგისა და სფეროში მოღვაწე ასეულობით ადამიანის. ეს არის მთავარი მიზეზი , რის გამოც გადავწყვიტეთ გავცეთ პასუხი ამ უსამართლო თავდასხმას და მოგაწოდოთ ინფორმაცია, ფოლკლორის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ.

უპირველესად აღვნიშნავთ, რომ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ისევე როგორც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შეძლებისდაგვარად, გვერდში უდგას ტრადიციული ხელოვნების დარგში მოღვაწე ყველა ადამიანს განურჩევლად პოლიტიკური პოზიციისა და მითუმეტეს ესთეტიკური და საშემსრულებლო მანერისა. ამასთან, ფოლკლორის ცენტრი (რომელშიც არაერთი ღვაწლმოსილი, თუ ახალგაზრდა მეცნიერი, მკვლევარი, შემსრულებელი, სპეციალისტი მუშაობს), აქტიურად თანამშრომლობს მრავალ ინსტიტუციასთან, რომელთა შორისაც უნდა გამოვყოთ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და მასთან არსებული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრი და გიორგი მთაწმინდელის სახელობის სიმღერისა და გალობის უნივერსიტეტი. ამ და მრავალ სხვა ინტიტუციასთან გაფორმებულია და მოქმედებს თანამშრომლობის მემორანდუმები, რის საფუძველზეც ხორციელდება ერთობლივი პროექტები - როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბითა და ჩართულობით. ფოლკლორის ცენტრი თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან, საეკლესიო ეპარქიებთან, რეგიონებში მომუშაკე კოლექტივებთან, ორგანიზაციებთან, სპეციალისტებთან და აერთიანებს ასობით ადამიანს, რომლებიც, ერთის მხრივ მეცნიერულად, თუ საშემსრულებლო პრაქტიკით არგუმენტირებული გეზით მუშაობენ და იმავდროულად სარგებლობენ სრული შემოქმედებითი თავისუფლებით.

"მაფიოზურად იმართება დღევანდელი ქართული ფოლკლორის სფერო და ეს უნდა დასრულდეს!" - ამ სიტყვების ავტორია ადამიანი, რომელიც, 2013 წლიდან გახდლათ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და საიდანაც 2016 წელს წავიდა, მხოლოდ იმის გამო, რომ საბჭოს წევრები არ დაეთანხმნენ მის პრეტენზიას, რომ ცენტრის აბსოლუტურად ყველა პროექტი მისი უშუალო სამეცნიერო და სამხატვრო ხელმძღვანელობით უნდა წარმართულიყო და მხოლოდ მისი იდეები, შეხედულებები და მუსიკალური გემოვნება უნდა გათვალისწინებულიყო. საბჭოს სხდომაზე მან განაცხადა, რომ ის არის ქართული სიმღერისა და გალობის ერთადერთი ექსპერტი (!), და ყველა პროექტი, რომელიც მის გარეშე გაკეთდა, ან გაკეთდება იქნება უვარგისი და მაკულატურა. ცხადია, მსგავსი მიდგომა არც ტრადიციულ ხელოვნებაში, არც მეცნიერებაში და არც სახელმწიფო სტრუქტურებში არ უნდა იყოს. ვინაიდან მალხაზ ერქვანიძის ზემოაღნიშნული პოზიცია არ იქნა გაზიარებული საბჭოს არცერთი წევრის მიერ, მან საბჭოს წევრობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ფოლკლორის მაფიოზურ მმართველობაზე საუბრობს ადამიანი, რომელსაც დღემდე მიაჩნია (და არაერთგზის საჯაროდ განუცხადებია ამის თაობაზე), რომ საქართველოში მოქმედი ყველა ხალხური სიმღერისა და გალობის გუნდის (ანსამბლის) რეპერტუარი და საშემსრულებლო მანერა მხოლოდ მასთან უნდა იყოს შეთანხმებული, როგორც სიმღერა-გალობისა და ეთნომუსიკოლოგიის ერთადერთ და საუკეთესო ექსპერტთან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მალხაზ ერქვანიძის მხრიდან მრავალწლიანი უკმაყოფილების მიუხედავად, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ დაფინანსდა მისი არაერთი პროექტი. მიმდინარე წელს ფოლკლორის ცენტრმა ერქვანიძისგან შეიძინა და გააციფრა მისი პირადი საარქივო ჩანაწერები (ასეთი რამ - ქართველი მკვლევარისაგან საექსპედიციო მასალებისა და მუსიკალური არქივის შეძენა ქართული ფოლკლორისტიკის ისტორიაში პირველად მოხდა. მაგ. ბატონი ანზორ ერქომაიშვილი უსასყიდლოდ გადასცემდა ნაშრომს სახელმწიფოს. სხვა მკვლევარები, ერქვანიძის მსგავსად, კვლევაში ხელფასს, გრანტს, სახელმწიფო დოტაციას იღებდნენ, მაგრამ ნაშრომის სახელმწიფოსთვის გადაცემაში დამატებით სასყიდელს არ ითხოვდნენ). ასევე, მიმდინარე წელს ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართა მალხაზ ერქვანიძის არქივის პრეზენტაცია. გასულ წელს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა მალხაზ ერქვანიძის ავტორობით "ქართული ტრადიციული მუსიკის სოლფეჯიო - ჰარმონიის სახემძღვანელო".

გვახსოვს, გიორგი უშიკიშვილის მმართველობის პერიოდიც, როდესაც ფოკლორის სახელმწიფო ცენტრში მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა ანსამბლების მხარდაჭერა. რეპრესიულ ორგანოდ ქცეული ფოლკლორის ცენტრი ებრძოდა და ჩაგრავდა ისეთ დიდ მოღვაწეებსაც კი, როგორებიც იყვნენ ანზორ ერქომაიშვილი, ჯემალ ჭკუასელი და სხვები. ვხედავთ და არ გვიკვირს, რომ მაშინდელი რეპრესიული კულტურის პოლიტიკის ერთერთი მოთავე დღეს ასე აქტიურად თანაუგრძნობს და იზიარებს მალხაზ ერქვანიძის ცილისწამებებს. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური გემოვნების გამო, ამ ნიჭიერმა ადამიანებმა ცილისწამებისა და სიცრუის ბოროტი გზა აირჩიეს", - ნათქვამია ფოლკლორის ცენტრის განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ასე გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია 2021 - 2024 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ.

დღის ამბები