27 დეკემბერი 2024,   14:38
ვრცლად
"საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელების პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს" - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელების პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

მისი თქმით, პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს.

"საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელების მონაწილეობით გამართულმა პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. პირიქით, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები და მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ეს საერთო შეფასება ასახავს იმ სურათს, რომელიც არის მოცემული - არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და შესაბამისობაში საერთაშორისო პრინციპებთან.

გარდა ამისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ ტერმინებს იყენებდნენ მომხსენებლები, ამ არჩევნების და პროცესების შეფასებისას, ისინი საუბრობდნენ არჩეულ ხელისუფლებაზე, ვციტირებ - "გუშინ არჩეულ ხელისუფლებაზე", რაც პირდაპირ ნიშნავს, ბუნებრივია, მთლიანობაში არჩევნების სრულად ლეგიტიმურად აღიარებას. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.

მე მადლობა მინდა გადავუხადო ყველას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ჩართულობისთვის. თქვენ იცით, რომ ჯერ კიდევ თებერვლიდან დავიწყეთ საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა საქართველოში. ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად ღია დაკვირვებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვქონდა სურვილი ჩაგვეტარებინა აბსოლუტურად თავისუფალი, კონკურენტული, დემოკრატიული არჩევნები და სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენიო ღიაობა, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც საარჩევნო პროცესებში იყო ჩართული, ვინც აკვირდებოდა არჩევნებს.

არჩევნები არის შემდგარი! უახლოეს მომავალში შეჯამდება ცესკოს მიერ არჩევნების შედეგები, ჩაინიშნება პარლამენტის პირველი სხდომა და გაგრძელდება ქვეყნის სტაბილური განვითარება, რაც მთავარი ინტერესია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები