28 ოქტომბერი 2024,   11:21
ვრცლად
"მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი კონსოლიდაცია, რაც აუცილებლად უნდა მოვახერხოთ, მათ შორის, აქციაზე" - თინა ბოკუჩავა

რა გეგმები აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს? ბარიერგადალახული ოპოზიციის ნაწილი, პარლამენტში შესვლის ნაცვლად, საპროტესტო აქციებისთვის ემზადება.

დღის ბოლოს, პრეზიდენტის სიტყვით გამოვლის შემდეგ, კომენტარები მათ მედიასთან გააკეთეს. ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭების უფლება ქართველი ხალხის გარდა არავის აქვს, მათ შორის, არც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს და კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი კონსოლიდაცია, რაც ოპოზიციამ უნდა მოახერხოს, მათ შორის, აქციაზე.

"მნიშვნელოვანია ლეგიტიმაციის საკითხი და ამ საკითხს წყვეტს ხალხი. ასე ეს საერთაშორისო სამართალში. ამ საკითხს გადაწყვეტს ქართველი ხალხი, რომელმაც გუშინ მოიპოვა გამარჯვება. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი კონსოლიდაცია, რაც აუცილებლად უნდა მოვახერხოთ, მათ შორის, აქციაზე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილი აქცია ემსახურება ერთ მიზანს - მსოფლიომ არცერთი წამით არ მოადუნოს ყურადღება საქართველოს მიმართ.

"აქ უბრალოდ მანდატები კი არ გააყალბა ივანიშვილმა, ხალხს მოჰპარა საგარეო პოლიტიკური კურსი, ევროპული მისწრაფებები და ეს ხალხი აგრძელებს ბრძოლას. ეს შეკრებაც ამ მიზანს ემსახურება - მშვიდობიან მსვლელობას, შეკრებებს, რომ მსოფლიომ არცერთი წამით არ მოადუნოს ყურადღება საქართველოს მიმართ", - აცხადებს ნიკა მელია.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, ეს აქცია პირველი ფართომასშტაბიანი გამოხატვა იქნება საზოგადოების "რისხვისა და პროტესტისა".

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ, რომ ვერავითარი საერთაშორისო ორგანიზაცია არჩევნებს ლეგიტიმაციას ვერ მიანიჭებს, ეს მათი საქმე არ არის. ეს იქნება პირველი ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოხატვა ჩვენი რისხვისა და პროტესტისა, ეს არის მნიშვნელოვანი აქტი ერთმანეთისთვის და, ასევე, ჩვენი მეგობრებისთვის უცხოეთში", - აცხადებს ანა დოლიძე.
დღის ამბები