26 დეკემბერი 2024,   21:45
ვრცლად
სამ დღიანი გლოვა ესპანეთში - ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში წყალდიდობას 95 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთი სტიქიას ებრძვის. ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში წყალდიდობას 95 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მეტად ვალენსია დაზარალდა. რეგიონში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ამ დრომდე ეძებენ უგზო-უკვლოდ დაკარგულებს. გამოცხადებულია განგაშის წითელი ნიშნული.

ვალენსიის, კასტილია-ლა მანჩაში და ანდალუსიაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ესპანეთში მცხოვრები ქართველები ერთმანეთს სოციალური ქსელის საშუალებით ეძებენ და ეხმარებიან. რისკის ზონაში დარჩენილებს, ბინებს და საკუთარი ავტომობილით ტრანსპორტირებას სთავაზობენ.

ესპანეთში საქართველოს საელჩომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი აამოქმედა. მათი ნაწილი ამ დრომდე რისკის ზონაში რჩება.

ინტერესი მაღალი იყო იმ ქართველი ლეგიონერების მიმართ, რომლებიც ესპანეთის საფეხბურთო კლუბებში თამაშობენ. მათ შორისაა საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელიც სტიქიით დაზარალებულ ვალენსიაში თამაშობს. ესპანეთშია გიორგი ქოჩორაშვილი, ლევანტეს ცენტრალური ნახევარმცველი. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა "კურიერს" უთხრა, რომ ნაკრების ხელმძღვანელობას კომუნიკაცია ორივე ფეხბურთელთან ჰქონდა და საფრთხე არც ერთ მათგანს არ ემუქრება.

გასულ ღამეს, სტიქიის ზონაში ჩარჩენილების დასახმარებლად ესპანელმა მაშველებმა 270 ოპერაცია ჩაატარეს. პროცესში ჩართულია ავიაციაც. ესპანეთის მთავრობა მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ და სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.

ტრაგედიის გამო ესპანეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. მოქალაქეები დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. სტრასბურგსა და ბრიუსელში მომხდარის გამო ევროპის დროშებია დაშვებული. ევროკავშირი ესპანეთს სტიქიასთან ბრძოლის პროცესში ეხმარება.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

 

დღის ამბები