“ფაქტია, რომ მათ სცადეს “ქართული ოცნებისთვის“ მოეპარათ ხმები“, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.
გორდულაძის თქმით, უამრავი ფაქტი არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ რასაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები “ქართულ ოცნებას“ აბრალებდნენ, რეალურად ისინი თავად აკეთებდნენ ამას.
“არაერთი ფაქტი არსებობს იმის დამადასტურებელი, რომ რასაც კოლექტიური “ნაცმოძრაობა“ “ქართულ ოცნებას“ აბრალებს, აკეთებდნენ თვითონ და მერე ცდილობენ, რომ ხელი შეეწმინდათ “ქართული ოცნებისთვის“ და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის. ფაქტია, რომ მათ სცადეს “ქართული ოცნებისთვის“ მოეპარათ ხმები.
თურმე, ეს ადამიანები პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებდნენ და თანხმობის გარეშე, ჩვენს მხარდამჭერებს აიძულებდნენ, რომ ყოფილიყვნენ საუბნო კომისიის წევრები და მხარი ვერ დაეჭირათ, რადგან კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები სპეციალურ სიაში არიან, სპეციალურ სიაში აძლევენ ხმას და არა რეგისტრაციის მისამართის მიხედვით.
ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ზესტაფონის ერთ-ერთ ოლქში გაუქმებულიყო გადასატანი ყუთის შედეგები. როდესაც ისინი დარწმუნდნენ ალბათობის მაღალი ხარისხით, რომ ძირითადად, “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აძლევდნენ გადასატანი ყუთით ხმას, ბევრი იყო ასეთ ადამიანების რაოდენობა, მათ უბრალოდ ხელი არ მოაწერინეს ამომრჩევლებს და ამის შედეგად გაუქმდა მთლიანად გადასატანი ყუთის შედეგები. რა არის ეს თუ არა მცდელობა, რომ “ქართულ ოცნებას“ მოჰპარონ ხმები“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.