17 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
"მე რას ვაპირებ, ამას გადავწყვეტ მე და როცა გადავწყვეტ რომ გითხრათ, მაშინ გეტყვით" - გიორგი ვაშაძე ოპოზიციის გეგმაზე

დღეს უნდა გახდეს ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმა - შეკრება რუსთაველის გამზირზე 19 საათზეა დაანონსებული. სანამ გაირკვევა რა დღის წესრიგით მოითხოვენ პარტიები ხელახალი არჩევნების დანიშვნას, უკვე რამდენიმე დღეა დაწყებულია კარვების მობილიზება.

"მე რას ვაპირებ - ამას გადავწყვეტ მე და როცა გადავწყვეტ რომ გითხრათ, მაშინ გეტყვით. არის უმნიშვნელოვანესი დღე, ჩვენ ვითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას. მსვლელობით წავალთ რუსთაველისკენ. რატომ იქნება ეს მსვლელობა, რუსთაველზე გეტყვით რატომ ვაკეთებთ ამ მსვლელობას დღეს 5 საათზე და ასევე პროტესტის ფორმები როგორი იქნება შემდგომ დღეებში, ამაზეც მოგაწვდით ინფორმაციას. ჩვენ გვაქვს სისტემურად მწყობრად ორგანიზებული დაგეგმილი ნაბიჯები", - აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

კონსულტაციები დღესაც გაგრძელდა - სამმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მორიგი შეხვედრა გამართა. ადგილზე ისევ არ იმყოფებოდა გახარიას გუნდი, რომელიც საპროტესტო აქციას უერთდება, თუმცა კარვების იდეას არ იზიარებს.

"გეგმა მოიცავს შემდგომ ნაბიჯებს, პირველი - შეგროვებული იქნა მტკიცებულებები გაყალბების თაობაზე. ის გავაცანით ჩვენს პარტნიორებს, ვაცნობთ საზოგადოებას, ამავე დროულად სასამართლოებში შეტანილი იქნა საჩივრები, რაც გულისხმობს აუცილებლად სამართლებრივი პროცესების ამოწურვასაც. არც ერთი ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენელი არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და შესაბამისად, მიმდინარეობს საერთო მოთხოვნა პირუთვნელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობის შესახებ", - აცხადებს ”ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

დღის ამბები