08 დეკემბერი 2024,   06:58
ვრცლად
"როგორ შეიძლება, სახელმწიფოს წარმოადგენდე ვაშინგტონში, ბრიუსელში, ნატო-ში და ხმას არ იღებდე" - ნიკა მელია

ოპოზიცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ელჩების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას იზიარებს. კოალიცია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან სანიკიძე აცხადებს, რომ საქართველოს ელჩების დიდი იქცნენ არა საქართველოს წარმომადგენლებად, არამედ "ქართული ოცნების".

"პრეზიდენტის მოსაზრება არის სავსებით საფუძვლიანი - ის არის ამ ქვეყნის კონსტიტუციის გარანტი. სამწუხაროდ, ჩვენი ელჩების დიდი ნაწილი არის ქცეული არა საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების წარმომადგენლებად, არამედ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებად. ამიტომ, ქალბატონი პრეზიდენტის გულისწყრომა და შესაბამისი ეპითეტები გამართლებულია," - აცხადებს სანიკიძე.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას შეფასებით, ელჩები "ტყვეობასა და მორჩილებაში" არიან.

"ქართული დიპლომატია არის კრიზისში, განსაკუთრებით ის დიპლომატები, რომლებიც მსახურობენ განვითარებულ სახელმწიფოებში - ბრიუსელში რომ ხარ, ნატო-ს ელჩი რომ ხარ, ვაშინგტონში რომ ხარ და ხმას არ იღებ ნიშნავს რომ, უკეთეს შემთხვევაში, ხარ ტყვეობაში აყვანილი, მორჩილებაში ხარ. როგორ შეიძლება, სახელმწიფოს წარმოადგენდე ვაშინგტონში, ბრიუსელში, ნატო-ში და ხმას არ იღებდე," - აცხადებს ნიკა მელია.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, ლანა გალდავა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის განცხადება რელევანტურია, რადგან საქართველოს ევროპული გზის შეფერხების პირობებში, დიპლომატებს სინდისის ქენჯნა უნდა აწუხებდეთ.

"პრეზიდენტის ეს განცხადება არის რელევანტური, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპული გზა არის შეფერხებული და დღეს ყველა დიპლომატს უნდა აწუხებდეს სინდისის ქენჯნა იმისთვის, რომ ისინი არ აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი იყოს გარანტირებული," - აცხადებს ლანა გალდავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ელჩებს დიპლომატის დღე არ მიულოცა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში პრეზიდენტი განმარტავს, რომ "დღეს დიპლომატის დღის ხსენება უხერხულია, რადგან რუსეთისკენ გადადგმულ ნაბიჯებს დიპლომატების უმრავლესობა დუმილით ხვდება და არ აპროტესტებს".

დღის ამბები