24 დეკემბერი 2024,   21:35
ვრცლად
ნათია მეზვრიშვილი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება

არჩევნების გაყალბებაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ამ წუთებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება.

ის სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთის წინ შევიდა. როგორც მან შესვლამდე მედიასთან თქვა, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იმ მტკიცებულებებს წარადგენს, რომელიც მათმა საარჩევნო გუნდმა მოიპოვა.

"ეს არის ყალბი გამოძიება, ყველას კარგად მოგეხსენებათ, როგორ დაიწყო ცესკოს კარნახით, შესაბამისად, ივანიშვილის კარნახით. ამიტომ, გამოძიების მიმართ არანაირი ნდობა არ გამაჩნია. ამის მიუხედავად, მე მოვედი მაგისტრანტ მოსამართლესთან იმისთვის, რომ ჩვენი პარტიის სახელით დავიცვათ ის ხმები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მოჰპარეს. რა თქმა უნდა, მოვიტანე კონკრეტული მტკიცებულებები, ამ მტკიცებულებების შესახებ ძალიან კარგად არის ცნობილი ხელისუფლებისთვის. ვითომ გამოძიებას ატარებენ და რეალურად, მე ჩავატარე ეს გამოძიება, მე ვიყავი საგამოძიებო ორგანო, მე მოვაგროვე მტკიცებულებები, მე გამოვკითხე მოწმეები, მე მოვაგროვე ფოტომტკიცებულებები, ჩვენმა საარჩევნო გუნდმა, ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა ამაზე. მოვედი, არ არის პრობლემა, როგორც ჩანს, აქვთ კომპეტენციის პრობლემა. როგორც ჩანს, სჭირდებათ, რომ გამოძიებას მივცეთ მიმართულებები და პრობლემა არ არის, ჩვენი გამოცდილებით, ამ მიმართულებებს გამოძიებას მივცემთ", - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

პროკურატურამ 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე. აქვე, აღნიშნული იყო, რომ გამოკითხვის მიზნით, საგამოძიებო უწყებაში დაიბარებდა ყველა პირს, ვისაც შესაძლოა ინფორმაცია ჰქონოდა.

დღის ამბები