26 დეკემბერი 2024,   14:03
ვრცლად
"როგორც დემოკრატიის ერთადერთი დარჩენილი შუქურა ამ ქვეყანაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მასთან ინტენსიური კონსულტაციები" - ოპოზიცია პრეზიდენტს ხვდება

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე იმყოფებიან ლიდერები იმ პოლიტიკური პარტიებიდან, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახეს. შეხვედრის დაწყებამდე ითქვა, რომ განიხილავენ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს.

"ინიციატივა ჩვენი თხოვნითაა, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოვლენების ბოლო განვითარების შესახებ ვესაუბროთ პრეზიდენტს. ბევრი რამ არის უკვე დადგენილი და გარკვეული არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით - ახალი გარემოებები, ახალი მტკიცებულებები და გვინდა, ეს ყველაფერი გავაცნოთ პრეზიდენტს და ამასთან დაკავშირებით მისი აზრი მოვისმინოთ.

აქციებთან დაკავშირებით პოლიტიკური სპექტრი თავად იღებს გადაწყვეტილებას და, ბუნებრივია, რომ მთავარი აქტორი არის ხალხი. პრეზიდენტს აქვს თავისი უფლებამოსილებები და კონსტიტუციური ვალდებულებები ქვეყნის წინაშე, ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი აქცია," - განაცხადა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.

კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ პრეზიდენტთან ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რაც უნდა გადაიდგას მომავალ რამდენიმე კვირაში "ქვეყნის ევროპული მომავლის დასაბრუნებლად".

"პარტიები ვართ ძალიან ინტენსიურ კონსულტაციებში პრეზიდენტთან. როგორც დემოკრატიის ერთადერთი დარჩენილი შუქურა ამ ქვეყანაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მასთან ინტენსიური კონსულტაციები იმისთვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით დაიგეგმოს მომდევნო რამდენიმე კვირა, როდესაც უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

დღის ამბები