08 დეკემბერი 2024,   12:57
ვრცლად
ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე მეორედ დაბრუნებული ტრამპი - ახლა მთელი მსოფლიო მის მომდევნო პოლიტიკურ ნაბიჯებზე მსჯელობს

ტრამპი ტრიუმფით დაბრუნდა და ამერიკის პრეზიდენტობის პოსტი უკვე მეორედ დაიკავა. ახლა მთელი მსოფლიო მის მომდევნო მოქმედებებზე და პოლიტიკურ ნაბიჯებზე მსჯელობს. თავად ტრამპი, ამ ეტაპზე გუნდის ჩამოყალიბებისთვის განაგრძობს კონსულტაციებს, იმ გუნდის, რომელმაც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა უნდა წარმართოს.

გამოწვევების ნაკლებობა არც შიდა და არც გარე ფრონტზე არ არის - ტრამპს მათ საპასუხოდ ხმაურიანი დაპირებები აქვს. ეს პირველ რიგში მიმდინარე ომებს და მათზე შტატების გავლენას ეხება.

მშვიდობა, რომელიც დაემყარება ძლიერებას - ასეთია ამერიკის 47-ე პრეზიდენტის გზავნილი, რომელიც უკრაინის ომის უსწრაფესად, 1 დღეში დასრულების პირობას მთელი კამპანიის განმავლობაში დებდა. ის ამბობდა, რომ მხარეების მოლაპარაკების ეტაპზე გადაყვანის ძალა შესწევს. აქ მთავარი საკითხი ის არის თუ რა პირობებით შეიძლება მოლაპარაკების დაწყება და ვისთვის იქნება ისინი ხელსაყრელი. უკრაინის პოზიცია უცვლელია - კიევი ტერიტორიების დათმობას გამორიცხავს.

მთავარი კითხვის ნიშნები უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხის ირგვლივ არის დასმული, რაც ომის ბედს დიდწილად განსაზღვრავს. გააგრძელებს თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის იმავე მოცულობით დაფინანსებას, როგორც ამას ბაიდენის ადმინისტრაცია აკეთებს - ეს საკითხი ღიად რჩება. თავის მხრივ, ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია გეგმავს, რომ უფლებამოსილების ამოწურვამდე ყველა დაპირებული პაკეტი დაამტკიცოს.

ერთ-ერთი ბოლო სიახლე 425 მილიონი დოლარის ღირებულების მორიგი პაკეტის შეთანხმება იყო. უკრაინისგან განსხვავებით, სიტუაცია გაცილებით ნათელია ისრაელის შემთხვევაში. ტრამპს მკაფიოდ ისრაელის მხარდამჭერი პოზიცია აქვს და არაერთხელ უთქვამს, რომ ქვეყანამ თავისი დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს.

კონფლიქტების გარდა, განსაკუთრებული მსჯელობის საგანია თუ რას შეცვლის ტრამპის პრეზიდენტობა ეკონომიკური თვალსაზრისით. არსებობს მოსაზრება, რომ სავაჭრო და ტექნოლოგიური ცივი ომი ცხელ ფაზაში გადავა, სადაც მთავარი კონკურენტები კვლავ შტატები და ჩინეთი იქნებიან.

ტრამპს ეკონომიკური გაჯანსაღების, შტატებში ინფლაციის შემცირების, ფასებისა და გადასახადების დაწევის ამბიციური გეგმა უკვე გაცხადებული აქვს. მისი მთავარი დაპირებების 7 პუნქტიან ჩამონათვალში პირველ ადგილს უკანონო მიგრანტების დეპორტაცია და მექსიკის საზღვართან პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დაწყებული კედლის მშენებლობის დასრულება იკავებს.

დღის ამბები