27 დეკემბერი 2024,   07:28
ვრცლად
რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს აგრძელებს - კიევში გამოცხადებული განგაშის გამო, უკრაინაში ვიზიტად მყოფ ჟოზეფ ბორელს თავშესაფარში ჩასვლა მოუწია

დაღუპული და დაშავებული მოსახლობა, დანგრეული ინფრასტრუქტურა და ევაკუირებული ადგილობრივები - რუსეთის მიერ მართვადი დრონებით განხორციელებულ იერიშებს ნიკოლაევის რაიონში 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებული კი 22-ზე მეტია. საცხოვრებელ კორპუსებში ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია ტრანსპორტი და გათბობის ქსელი.

იერიშები იყო ზაპოროჟიეს მიმართულებითაც. არის მსხვერპლი. ჩამოშლილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ნანგრევებში მოყოლილებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. დაშავებულებს შორის არასრულწლოვანებიც არიან.

ზელენსკის მშობლიურ ქალაქში, კრივი რიჰში, რუსეთის სამხედრო ძალებმა შენობები მიწასთან გაასწორეს. ნანგრევებიდან ხალხის გამოსაყვანად, მაშველები ამ დრომდე მუშაობენ.

მძიმე ღამე იყო კიევისთვისაც. უკრაინის თავდაცვის ძალებმა, დედაქალაქთან ახლოს, 10 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. კიევში გამოცხადებული განგაშის გამო, თავშესაფარში მოუხდა ჩასვლა უკრაინაში ვიზიტად მყოფ ჟოზეფ ბორელს.

ბორელი უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის სოფელ იაგოდნოეშიც ჩავიდა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც რუს ოკუპანტებს პატარა სარდაფში 370-მდე ადამიანი ერთ თვეზე მეტხანს ჰყავდათ დატყვევებული.

 

 

ავტორი: მარიამ იობიძე

დღის ამბები