არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიება გრძელდება. ოპოზიციის ლიდერები პროკურატურას უნდობლობას უცხადებენ. მათი თქმით, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები მნიშვნელოვანი საარჩევნო დარღვევების დასადასტურებლად.
პოლიტიკური დისკუსიის პარალელურად, სასამართლოში გამოკითხვები გრძელდება. მაგისტრატი მოსამართლის წინაშე კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე დაიკითხა, რომელიც ახლა სასამართლო დარბაზში იმყოფება. ასევე მაგისტრი მოსამართლის წინაშე წარსდგა კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, თენგო თევზაძე.
საქმის ფარგლებში, პროკურატურაში დაბარებული არიან ანი წითლიძე და თინა ბოკუჩავაც.არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე გამოძიება 30 ოქტომბერს, ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, წარადგინა ვიდეო მტკიცებულება, სადაც გარდაცვლილი შვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი საარჩევნო სიაში იმყოფებოდა.
"გამოიკვეთა ის პოლიტიკური მოტივაცია, რომელიც ამ გამოძიებას აქვს. მათი კითხვებისა და განწყობის მიუხედავად, წარვადგინეთ არაერთი მტკიცებულება. წარვადგინე, კონკრეტული ფაქტის, სადაც ვიდეოზეა აღბეჭდილი არის გარდაცვლილი ადამიანის დედა, რომლის თქმითაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილი ოთხ წელზე მეტია არის გარდაცვლილი მაინც იმყოფება საარჩევნო სიაში. ასეთ ფაქტებს სჭირდება დამატებით გამოკვლევა, მათ მაგივრად ხომ არ იქნა ხმა მიცემული. ზუსტად ამიტომ ვითხოვთ, რომ გაიხსნას ვერიფიკაციის ყუთები. ყველაზე გამაოგნებელი რაც ჩემთვის დღეს იყო, არის ის, რომ გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მუხლით", - განაცხადა საბა ბუაძემ.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მას იმედი არ აქვს, რომ გამოძიება სამართლიანად წარიმართება და საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც შესაბამისად იქნება გამოტანილი.
"უაზრობა გახდა იმ იმედის ქონა, რომ შენ იპოვი სამართალს ამ ქვეყნის ფარგლებში. ეს სამწუხარო რეალობაა. არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ფართო მასშტაბის დარღვევებზე, რომელსაც წარვუდგენთ საერთაშორისო გამოძიებასაც", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.