26 დეკემბერი 2024,   15:15
ვრცლად
რატომ ეძახიან ექიმები ქოლესტერინს "ჩუმ მკვლელს" - ზაზა თელია ქოლესტერინის მაღალი დონის გარეგნული სიმპტომების შესახებ

რატომ ეძახიან ექიმები ქოლესტერინს "ჩუმ მკვლელს" - რადგან მისი დონის მატება, ხშირ შემთხვევაში, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მას ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემების გამოწვევა შეუძლია. ქოლესტერინის მაღალი დონის სავალალო შედეგი შეიძლება იყოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა), ინსულტი (თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა) და, საბოლოო ჯამში, იზრდება სიკვდილის რისკი.

დერმატო-ვენეროლოგმა, მედიცინის დოქტორმა ზაზა თელიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში ქოლესტერინზე და იმ ფიზიკურ გამოვლინებებზე ისაუბრა, რაც, შესაძლოა, ორგანიზმში ქოლესტერინის დონის აწევას მოჰყვეს.

"მიუხედავად იმისა, რომ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადამიანს ქოლესტერინი აქვს მომატებული, თუ დავინახავთ, რომ ეს ადამიანი არის ჭარბი წონის, ან მსუქანი - აქვს სიმსუქნის პირველი, მეორე ან მესამე სტადია. ქოლესტერინის მაღალი დონე გვხვდება გამხდარ ადამიანებშიც - ამას ჰქვია გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემია - ეს არის ქოლესტერინის მომატებული მდგომარეობა გენეტიკურად. არ არის ხშირი, მაგრამ არსებობს ასეთი შემთხვევებიც," - აცხადებს ექიმი.

ზაზა თელიას თქმით, ქოლესტერინის მაღალი დონე, შესაძლოა, ადამიანის კანზეც აისახოს და მას რამდენიმენაირი გამოვლინება ჰქონდეს. ესენია:

1. ქსანთომა - ლოკალიზებული ცხიმოვანი ქსოვილი კანქვეშ ან მყესებზე.
 
 
2. ქსანთელაზმა (ბრტყელი ქსანთომა) - მოვარდისფრო ფერის წარმონაქმნები ქუთუთოებზე.

 
3. ფსორიაზი - ფსორიაზი ქოლესტერინის მატებასთან პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ მაღალი ხარისხის კვლევებით დადგინდა, რომ არსებობს კავშირი ქოლესტერინის მომატებულ დონესა და ფსორიაზს შორის.
 
 
4. ქოლესტერინის ემბოლიზმი - როდესაც ქოლესტერინის კრისტალები ხვდება არტერიებში და ბლოკავს არტერიული სისხლის მიდინებას ქსოვილებისკენ, რის გამოც ვითარდება ქვემო კიდურების წყლულები, კანის ფერის ცვლილება, განგრენა, ლურჯი ფეხის თითები.
 
 

5. რეტიკულარული ლივედო - მოლურჯო-მოწითალო ფერის ბადისებრი კანი ქვემო კიდურებზე, გენიტალიების არეში და დუნდულებზე.

ზაზა თელიამ ისაუბრა იმაზეც, თუ რომელი საკვები იწვევს, ხშირ შემთხვევაში, ქოლესტერინის დონის მატებას. მისი თქმით, ეს არის ცხიმიანი ხორცპროდუქტები და ისეთი ხშირად გამოყენებადი საკვები პროდუქტი, როგორიც არის მზესუმზირის ზეთი.

მისივე თქმით, ქოლესტერინის მკურნალობა მედიკამენტებითაც მიმდინარეობს, თუმცა, ამ შემთხვევაში, გამოჯანმრთელების მთავარი და ძირითადი ფაქტორი ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვაა. 

ამავე თემაზე: ექსპერტების მოსაზრებით, ქოლესტერინის დონის 5-წუთიან შემოწმებას შეუძლია განსაზღვროს დადგება თუ არა დემენცია 6 წლის შემდეგ

დღის ამბები