გამოეხმაურნენ თუ არა სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები კოალიცია "ძლიერის საქართველოს" შეთავაზებას იმის შესახებ, რომ ერთდროულად მიმართონ შესაბამის უწყებებს საპარლამენტო სიების ჩახსნასთან დაკავშირებით - "დღის კურიერის" ამ კითხვას "ძლიერი საქართველოს" წევრმა, ლანა გალდავამ უპასუხა.
ლანა გალდავა აღნიშნავს, რომ არც პირადად მასთან და არც საჯარო გამოსვლებში საკითხზე კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული კოალიციები ამ იდეის წინააღმდეგ არ წავლენ.
"ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ კოალიციამ, რომელმაც გადალახა ბარიერი და ეს გადაწყვეტილება მათ მიღებული აქვთ, რაც ჩანს კიდევაც მათ გაცხადებულ პოზიციებში, გავაკეთოთ ერთდროულად, ერთ დღეს და ამ პოლიტიკური აქტის მეტი საჯაროობისათვის არ ვართ წინააღმდეგი, რომ ჩართული იყოს საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენ ვიცით მისი პოზიცია და მზაობა ამ საკითხთან დაკავშირებით.
უშუალოდ მე არავინ დამკავშირებია, თუმცა არ ვიცი, სხვა ლიდერები გამოგვეხმაურნენ თუ არა. საჯაროდ მე არაფერი მსმენია და არ ვიცი პირადად ვინმეს თუ გამოეხმაურნენ, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ბარიერგადალახულ კოალიციას ჰქონდეს სხვა დამოკიდებულება საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ თანხვედრაში ვართ იმ საკითხზე, რომ ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას არ ვცნობთ," - განაცხადა ლანა გალდავამ.