15 ნოემბერი 2024,   20:01
ვრცლად
"უცხოლმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც, დემოკრატიის ყველა წესის დარღვევით, პირდაპირ იყვნენ ქართულ საარჩევნო კამპანიაში ჩართულნი, თავიანთ პირად მარცხად მიიღეს ის, რაც აქ ქართულ ოპოზიციას დაემართა" - ირაკლი ქადაგიშვილი

"ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოს შესახებ უცხოელი პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც რეფორმების განხორციელების გაგრძელებასა და გარკვეული კანონების გაუქმებას ეხებოდა.

ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ამ განცხადებებს აკეთებენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ქართულ საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულნი.

"ერთ გარემოებას გავუსვამ ხაზს - უცხოეთში ამ განცხადებებს აკეთებენ ის პოლიტიკოსები, ვინც დემოკრატიის ყველა წესის დარღვევით, პირდაპირ იყვნენ ქართულ საარჩევნო კამპანიაში ჩართული, ფინანსურად თუ თავიანთი განცხადებებით. მათი ეს განცხადებები იმიტომ გრძელდება, რომ თავიანთ პირად მარცხად მიიღეს ის, რაც აქ ქართულ ოპოზიციას დაემართა.

რაც შეეხება რეფორმების გაგრძელებას - რეფორმებს ვაგრძელებთ მათი მოწოდებების გარეშეც. თუ ეს დეპუტატები და სახელმწიფო მოღვაწეები შეხედავენ, მათ შორის, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, ყველა დასავლური, წამყვანი ექსპერტული დონის დასკვნებს, შეხედავენ, რომ იმ რეფორმებით, რაც გაატარა და რასაც ატარებს საქართველო, არის ლიდერთა შორის, ძალიან ბევრი მიმართულებით. ჩვენ, როგორც ეს აღვნიშნეთ, ამ რეფორმებს მუდმივად ვახორციელებთ და გავაგრძელებთ განხორციელებას.

რაც შეეხება ამ ორ კანონს - ჩვენ აქაც ვამბობთ, რომ მოდით, გამოდით ამ კლიშედან, რაც არის "რუსული კანონია" - თუ გაქვთ სურვილი, რომ ამ კანონთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ან შეიცვალოს, ან გადაიხედოს, დიალოგში შემოდით და აგვიხსენით - გამჭვირვალობაა უკეთესი თუ ბუნდოვანება. თუ აღმოჩნდება, რომ ევროპისათვის არასამთავრობოების საქმიანობის დაფინანსებაში ბუნდოვანებაა უფრო მნიშვნელოვანი, გვეცოდინება ესეც და სტანდარტი ჩვენთან დამოკიდებულებაში გვეცოდინება სად გადის. გამჭვირვალობაზე გადის ეს სტანდარტი, რადგან ჩვენი მთავრობა, ყველა საერთაშორისო შეფასებით, ბიუჯეტიდან დაწყებული, კორუფციის ნაკლებობით გაგრძელებული, გამჭვირვალობის ძალიან მაღალ საფეხურზე დგას. გვითხრან, რომ თურმე, ეს არ არის კარგი კრიტერიუმი და, მაგალითად, ბუნდოვანება კარგი კრიტერიუმია. მოეშვან "რუსული" ძახილს და უაპელაციოდ "გააუქმეს" ლაპარაკს, ცოტა მეტად სცენ პატივი საკუთარ ღირებულებებსა და ჩვენს აღქმას ღირებულებების მიმართ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები