ჯანდაცვის მინისტრი, თურქეთში, ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს - მიხეილ სარჯველაძე, სამედიცინო მსოფლიო კონგრესის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ ქემალ მემისოღლუს შეხვდა.
მხარეებმა, საქართველოსა და თურქეთს შორის, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ერთობლივ პროექტებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ამასთან, ორმხრივ შეხვედრაზე, მინისტრებმა, ჯანდაცვის კატასტროფებისა და კრიზისების ეფექტურად მართვაზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ამ მიმართულებით არსებული საპრევენციო და სამომავლო გეგმები.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შეხვედრის მიზანი, ორ ქვეყანას შორის, ჯანდაცვის სფეროში, ურთიერთობისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ ასანიძე.
სამედიცინო მსოფლიო კონგრესი, თურქეთში, 2014 წლიდან ტარდება. წელს, მე-10 საიუბილეო სესიის მთავარი თემაა „ჯანდაცვის სისტემა კატასტროფების დროს და ჯანდაცვის მომავალი“. საერთაშორისო ღონისძიება მოიცავს: პანელურ დისკუსიებს, ორმხრივ შეხვედრებს, ვორქშოპებსა და სიტყვით გამოსვლებს.
ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექსპერტები ჯანდაცვის კატასტროფების, თუ კრიზისების მართვას, ასევე, ამ მიმართულებით არსებულ საპრევენციო და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.