27 დეკემბერი 2024,   01:23
ვრცლად
ახალი ბაზა, საპორტო ქალაქში - მალთაყვაში, ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზის საზეიმო გახსნას პრემიერ-მინისტრი დაესწრო

საპორტო ქალაქს დღეიდან ნიჩბოსნობის ახალი ბაზა აქვს. სპორტული ინფრასტრუქტურა ფოთში, პრემიერმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაათვალიერა. მთავრობის მეთაური სპორტსმენებს შეხვდა და საჩვენებელ შეჯიბრს დაესწრო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სპორტის განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ნიჩბოსნობის და კანოეს ბაზა, სპორტული ინფრასტრუქტურისთვის საჭირო, სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს მოიცავს. პროექტის ბიუჯეტი 6 628 698 ლარია.

პრემიერ-მინისტრი ფოთის მე-8 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესიც გაეცნო. სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. 800 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის შენობა სრულად განახლდა. ამ დროისთვის, გარე სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად, იმუშავებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და სხვა შესაბამისი სივრცეები. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტის საერთო ღირებულება 5 მილიონი ლარია.

დღესვე, ირაკლი კობახიძემ თევზსაჭერი ლიცენზიის მფლობელი გემები დაათვალიერა. თევზჭერის ლიცენზიას ხუთი კომპანია ფლობს. ადგილობრივი წარმოების განვითარებასთან ერთად, დაიწყო მუშაობა ქართული თევზსაჭერი ფლოტის შექმნაზე, რის შედეგადაც, ლიცენზიის მფლობელმა კომპანიებმა 5 გემი შეიძინეს. სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული თევზსაჭერი ფლოტი 9 გემით გაიზარდა.

პროგრამამ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თევზსაჭერი გემების შეძენის შესაძლებლობა მისცა ადგილობრივ მეთევზეებსაც. პროექტის ფარგლებში, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 38 მილიონ ლარს აჭარბებს. დასაქმდა დამატებით 160-ზე მეტი ადამიანი. ახალი გემების შეძენა, ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს, თევზის რესურსის სრულად ათვისებისა და ქვეყანაში საექსპორტო თევზის პროდუქტის წარმოების საშუალებას აძლევს.

დღის ამბები