24 დეკემბერი 2024,   21:37
ვრცლად
"ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს" - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, ხაზი გაუსვა, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული და "ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს".

"მინდა გამოვეხმაურო თქვენთან, ჟურნალისტებთან დაკავშირებულ საკითხს - ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს. მე მინდა, მხარდაჭერა გამოგიცხადოთ ყველას, ვინც გახდით ასეთი ზეწოლის, ბულინგის თუ დანაშაულის ობიექტები. ამგვარი დანაშაულებრივი ქმედებები, ხაზგასმით და მკაფიოდ ვაცხადებთ, არ უნდა დარჩეს არც საზოგადოების და არც საგამოძიებო ორგანოების ყურადღების მიღმა, მით უმეტეს, როდესაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. სამწუხაროა ასევე, რომ რადიკალური ოპოზიციის ტელემედიების ჟურნალისტები, თქვენი კოლეგები, არც კი იმჩნევენ ხოლმე საკუთარი კოლეგების ბულინგს, შეურაცხყოფას და მშვიდად უყურებენ თქვენთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს და მათაც მოვუწოდებ, რომ კეთილი ინებონ, ამ შემთხვევაში მაინც გამოიჩინონ კოლეგიალობა და ერთი სიტყვა გაბედონ სხვა ჟურნალისტების დასაცავად და ამაზე მაინც ამოიღონ ხმა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

დღის ამბები