28 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
დიპლომატიურ კორპუსს მივმართე და ვთხოვე, რომ ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც იყო ამდენ ხანს მისაღები, ახალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება - სალომე ზურაბიშვილი

დიპლომატიურ კორპუსს მივმართე და ვთხოვე, რომ ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც იყო ამდენ ხანს მისაღები და ჩვენ დაგვეხმარონ, იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ჩვენი და ხალხის და მთელი საზოგადოების მოთხოვნა, ახალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მან დღეს ელჩებს სთხოვა, რომ მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც აქამდე იყო მისაღები:

"მე დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და მათაც იგივე ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები. რაღაცას ელოდებოდნენ, რომ შეიძლება რაღაც კიდევ არის დასამტკიცებელი. არაფერი აღარ არის დასამტკიცებელი და ეს კიდევ ერთხელ ვუთხარი მათ. ყველაფერი დამტკიცებულია, ყველაფერი ნათელია და თუ ვინმე არ ხედავს რომ ნათელია, ის მაინც რომ პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა თავისი კმაყოფილება ამ ყველაფრის მიმართ და ხელისუფლებას დაუფასა თავისი მორჩილება, ეს მაინც არის მტკიცებულება იმის, თუ რაც ხდება. მათ მივმართე და ვთხოვე, რომ ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც იყო ამდენ ხანს მისაღები და ჩვენ დაგვეხმარონ, იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ჩვენი და ხალხის და მთელი საზოგადოების მოთხოვნა, ახალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება. ეს არის გამოსავალი და ეს არის რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით.

მე მივმართე პოლიტიკურ პარტიებს, რომ ახლა დრო აღარ არის იმის, რომ მე ჩემი აზრი მაქვს, ჩემი გზა მაქვს და ა.შ. ეს ყველაფერი დამთავრდა, დღეს ამ გამოწვევის წინაშე ან ვართ ერთად, ან არ ვიქნებით. ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება და მე ვიქნები თქვენ ერთად, იმდენად რამდენადაც იქნებიან ერთიანი, მიიღებენ ერთად კოორდინირებულ გადაწყვეტილებებს. არავინ არ სთხოვს პოლიტიკურ პარტიებს, რომ უცებ გახდნენ ერთი პარტია, აღარ გვინდა ერთპარტიული სისტემა. მაგრამ დღეს გვჭირდება გონივრული გადაწყვეტილებები, მიღებული კოორდინირებულად. ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე, მე ვარ დღეს ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ამ ქვეყნის, მე ვარ ერთადერთი რომელსაც აქვს უფლება, რომ დაელაპარაკოს მსოფლიოს ჩვენი საზოგადოების სახელით და მე ამას ვაპირებ და ბოლომდე ვიქნები ვიდგები აქ, თქვენთან და საზოგადოებასთან ერთად.

მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, დროა, თქვენი გადაწყვეტილება მიიღოთ, დროა რომ იფიქროთ იმაზე, თუ რა მომავალს უტოვებთ თქვენს შვილებს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

 

დღის ამბები