02 დეკემბერი 2024,   21:38
ვრცლად
"უცხოური დაფინანსებით დაიბლოკა ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი და ამის გამო ქვეყანას შეიძლება მოუწიოს მრავალმილიონიანი ზიანის ანაზღაურება" - ირაკლი კობახიძე "ნამახვანი ჰესის" შესახებ

"უცხოური დაფინანსებით დაიბლოკა ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი ჩვენს ქვეყანაში და ამის გამო, ქვეყანას შეიძლება მოუწიოს ზიანის ანაზღაურება და ეს არის მრავალმილიონიანი ზიანი," - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, "ნამახვანი ჰესის" პროექტთან და იმ პერიოდში გამართულ აქციებთან დაკავშირებით, დღეს გამართულ ბრიფინგზე, მედიის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პროექტი იყო აბსოლუტურად გამართული, თუმცა, გაიმართა საპროტესტო აქციები, რაშიც საეჭვო პირები იყვნენ ჩართული. 

პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანას, შესაძლოა, მრავალმილიონიანი ზიანის ანაზღაურება მოუწიოს.

"გახსოვთ, რა პროცესები უკავშირდებოდა ამ დავას, რა პროცესების საფუძველზე წარმოიშვა ეს დავა. რეალურად, თურქულ კომპანიას ჰქონდა შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან, "ნამახვანი ჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით. პროექტი იყო აბსოლუტურად გამართული, თუმცა გაიმართა საპროტესტო აქციები, საეჭვო პირები იყვნენ ჩართული ამ აქციებში და გარდა ამისა, უცხოეთიდან დაფინანსებული კონკრეტული ენჯეოები - სამი კონკრეტული ენჯეო შეიძლება გამოიკვეთოს, რომელიც იყო ჩართული, მათ შორის, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", თუ არ ვცდები "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" იყო ჩართული, ასევე "მწვანე ალტერნატივა". უცხოური დაფინანსებით დაიბლოკა ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი ჩვენს ქვეყანაში და ამის გამო, ქვეყანას შეიძლება მოუწიოს ზიანის ანაზღაურება და ეს არის მრავალმილიონიანი ზიანი. ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? უცხოეთიდან ფინანსდებოდა ის ზიანი, რომელიც შესაძლოა მიადგეს ჩვენს ქვეყანას, უცხოური დაფინანსებით. ზუსტად ამიტომ არ უნდოდათ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომ ეს შავბნელი საქმეები ენჯეოების ხელით ეკეთებინათ სწორედ შავი ფულით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები