ღამით, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ 22 პირს გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას ედავება.
დემონსტრაციაზე დაშავებული 15 პირიდან, ვისაც კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა, 11 აქციის მონაწილე, 3 მედიასაშუალების წარმომადგენელი და ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.
სისხლის სამართლის საქმეზე კი, ბოლო სამ დღეში, 6 პირი დააკავეს. დაკავებულებს იზოლატორებში ადვოკატები დილიდან ხვდებიან. პარალელურად, უკვე ჩანიშნულია სასამართლო პროცესები.
ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ორი პროცესი ადვოკატების მიერ მტკიცებულებების სრულად გადაცემის მოთხოვნის გამო გადაიდო.
IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელის, გიორგი დავითურის განცხადებით, მოითხოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეოს წარსადგენად მისცემოდა დრო, რომელიც დაადასტურებს, რომ მას არ ჩაუდენია ის სამართალდარღვევა, რომელსაც გამოძიება ედავება.
“სასამართლო საქმის განხილვა გადაიდო, იმ მიზეზით, რომ ამ დრომდე არ გქონდა ჩაბარებული საქმის მასალები. პროცესზე გაირკვა რაშიც მედებოდა ბრალი და რა დროს ვიყავი დაკავებული, მაგრამ არსებულ დროს, რაც მითითებული იყო, სინამდვილეში არაფერი არ მომხდარა, რაც სამართალდარღვევის ოქმში ეწერა.
ამის თაობაზე ვიშუამდგომლეთ სასამართლოსთან, რომ სასამართლო სხდომა გადადებულიყო რამდენიმე დღით, რათა შინაგან საქმეთა სამინისტროს მისცემოდა ვიდეო ჩანაწერების გადმოცემის შესაძლებლობა, რომელიც უკვე მოთხოვნილი გვაქვს, რომელიც ნამდვილად დაადასტურებს, რომ არ ჩამიდენია სამართალდარღვევის ოქმში აღწერილი ქმედება“, - განაცხადა გიორგი დავითურმა.
უფლებადამცველის ლაშა ტყეშელიაძის თქმით, სასამართლო ცდილობს გაასამართლოს პირი, რომელზეც სამართალდამცველებმა იძალადეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემოიტანა 30-მდე საქმე სასამართლოში, რომელიც დღეს გაიმართება. შემიძლია, ვისაუბრო ერთ-ერთზე, ლუკას ფიზიკურად გაუსწორდნენ. სასამართლო ცდილობს, რომ ეს ადამიანი გაასამართლოს. მტკიცებულებებზე, ჯერ, ვერაფერს გეტყვით, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გადმოუცია არავითარი მტკიცებულება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ წარვადგენ მტკიცებულებას. ადამიანის დაკავება, რომელიც თავისთვის დგას, არ შეიძლება და მით უმეტეს, შემდეგ ამ ადამიანზე ძალადობა არ შეიძლება - ეს არის სამართლიანობის სირცხვილი “, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.