საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ, პრემიერ-მინისტრ მიშელ ბარნიეს უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მის გადადგომას 577 დეპუტატიდან 331-მა დაუჭირა მხარი.
მიშელ ბარნიეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატორები ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე დეპუტატები იყვნენ. ასამბლეის მიერ პრემიერისა და მთავრობის გადაყენება, წინ უძღოდა პრემიერის მიერ სოციალური და სამედიცინო დაზღვევის შემცირებული ბიუჯეტის პარლამენტში წარდგენას, რომელსაც კანონმდებლებმა მხარი არ დაუჭირეს.
საფრანგეთის მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად 60 მილიარდი ევროს ეკონომიას გეგმავდა, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ბარნიემ ასამბლეის კრიტიკა არ გაითვალისწინა და გადაწყვეტილების მისაღებად კონსტიტუციაში არსებული ბერკეტი გამოიყენა. რამაც მისი გადაყენების საკითხი დააყენა. ბარნიეს გადადგომის და მთავრობის კაბინეტის დათხოვნას საფრანგეთის პროფკავშირები დემონსტრაციებით შეხვდნენ.
ქვეყნის უმსხვილესი პროფესიული კავშირის წევრები აცხადებენ, რომ ასამბლეაში აზრთა სხვადასხვაობის გამო, ბიუჯეტის დამტკიცებისასა, პრობლემა ექმნება ყველა მთავრობას, რაც ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს. საფრანგეთის კონსერვატორმა პრემიერ-მინისტრმა მიშელ ბარნიმ გადადგომის მოთხოვნით პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს დღეს მიმართა. და განაცხადა, რომ მისი გადადგომა ქვეყნის ფინანსურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.
ბარნიემ პოსტზე 90 დღე იმუშავა. მასთან ერთად, 24 საათის განმავლობაში უნდა გადადგეს საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტი. რაც საფრანგეთში ბოლო 62 წლის განმავლობაში, პირველი შემთხვევაა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე
ავტორი: ლუკა ჩლაიძე