26 დეკემბერი 2024,   14:45
ვრცლად
რჩევები "ვივამედის" 501-ე პალატიდან - პაციენტი აქციების მონაწილე ახალგაზრდებს მოუწოდებს, სამთავრობო შენობები დაიკავონ

რჩევები კლინიკა "ვივამედის" 501-ე პალატიდან - პაციენტი აქციების მონაწილე ახალგაზრდებს მოუწოდებს, სამთავრობო შენობები დაიკავონ. ასე ესახება საქართველოს ექსპრეზიდენტს კონსტიტუციური წესრიგის დამყარება.

პაციენტი, პატიმარი სააკაშვილი, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს რჩევებს აძლევს. 2003 წლის ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ავტორი საკუთარ სასამართლო სხდომას იმისთვის იყენებს, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დგანან, მოუწოდოს, სამთავრობო შენობები დაიკავონ - მიხეილ სააკაშვილისთვის ასე გამოიყურება კონსტიტუციური წესრიგის დამყარება.

კიდევ ერთი დეტალი სააკაშვილის მიმართვიდან - ყოფილი პრეზიდენტი და რევოლუციონერი დემონსტრანტებს ღია ტექსტით ეუბნება, რომ პოლიტიკოსები აქციების მართვის სადავეებთან არ მიუშვან. სააკაშვილის პარტია ლიდერის მოწოდებებს უსიტყვოდ ემორჩილება, სხვები კი პატიმარი სააკაშვილის გზავნილებს უსმენენ, თუმცა საკუთარ პოზიციებს უპირისპირებენ.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის განცხადებებს გაეცნო "ქართული ოცნებაც". სახელისუფლებო გუნდისთვის მისი განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა - ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობისთვის ხელშეწყობა. 

კლინიკა "ვივამედის" პალატიდან მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის გაჟღერებული გზავნილების ადრესატი აქციის მონაწილეებიც იყვნენ. მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესი დღესაც, ტრადიციულად, პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად გამოიყენა და დემონსტრანტებს სამთავრობო შენობების დაკავებისკენ და საპროტესტო მუხტის შენარჩუნებისკენ მოუწოდა, მოუწონა აქციების ტაქტიკაც. იქამდე კი თქვა, რომ ხალხის ბრძოლა არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა მიისაკუთროს, თუმცა აქციის მონაწილეებისთვის რჩევები თავად არ დაიშურა.

ყოფილი პრეზიდენტის გზავნილების სულისკვეთებას სრულად იზიარებენ მისსავე პარტიაში. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ საერთო ბრძოლაში მთავარი როლი ხალს აქვს, პოლიტიკოსები კი თანამებრძოლების ფუნქციას ასრულებენ. განსხვავებულად ფიქრობენ სხვა პარტიებში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებს, სამთავრობო შენობების დაკავებასთან დაკავშირებით, დღეს ბუნდოვნად უპასუხეს. თქვეს მხოლოდ ის, რომ სააკაშვილს თავისი პოზიცია აქვს.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიზანი, ერთი მხრივ, ახალი არეულობის ინიციირება, მეორე მხრივ კი - მივიწყებული პოლიტიკური ლიდერის როლის წინ წამოწევა. სახელისუფლებო პარტიაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ პატიმარი ექსპრეზიდენტის ნებისმიერი იდეა მარცხისთვისაა განწირული და ქვეყანაში არეულობა ვერ მოხდება.

საბრალდებო სკამი პოლიტიკურ ტრიბუნად მიხეილ სააკაშვილმა დღეს დაახლოებით 40 წუთით აქცია. პოლიტიკური გზავნილების მთავარი ნაწილი ქუჩის საპროტესტო აქციებს დაუთმო.

ავტორი: ნანა გოგატაძე 

დღის ამბები