26 დეკემბერი 2024,   14:49
ვრცლად
"თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ფილიალები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს - გვაქვს პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე, რომელსაც პოლიტიკური ინტერესების გარეშე უნდა ვემსახუროთ" - საბიბლიოთეკო მომსახურებისა და რესურსების სამსახურის უფროსი

საბიბლიოთეკო მომსახურებისა და რესურსების სამსახურის უფროსი, მერაბ გეჯუა სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიბლიოთეკების გაერთიანების განცხადება, სადაც პოლიტიკური შინაარსის გზავნილების გარდა, საუბარი იყო იმაზე, რომ ფილიალებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება დროებით უქმდება, არ იყო შეთანხმებული თანამშრომლებთან.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ფილიალების მუშაობის შეჩერებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება და წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებები გაწერილი განრიგის მიხედვით გაიმართება.

"რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების განცხადება, სადაც პოლიტიკური შინაარსის გზავნილების გარდა, საუბარი იყო იმაზე, რომ ფილიალებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება დროებით უქმდება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ღონისძიებების გაუქმების შესახებ განცხადება არ ყოფილა შეთანხმებული თანამშრომლებთან და სამწუხაროდ, ჩვენთვის ცნობილი გახდა მისი გამოქვეყნების შემდეგ.

ერთადერთი კითხვა, რაც განცხადების გავრცელებამდე დაისვა, იყო შემდეგი: ვეთანხმებოდით თუ არა ქვეყნის ევროპულ კურსს და ვგმობდით თუ არა ძალადობას?

ვფიქრობთ, აღნიშნულ საკითხზე, როგორც საზოგადოების, ისე ხელისუფლების დამოკიდებულება არის საერთო. ჩვენ ყველას გვინდა საქართველოს ევროპული მომავალი, ისევე როგორც წარმოუდგენელია, გამართლება ჰქონდეს რაიმე სახის ძალადობას.

რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ფილიალების მუშაობის შეჩერებას, არ შეესაბამება სიმართლეს და ყველა ფილიალი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში.

მიგვაჩნია, რომ ჩვენს უწყებას უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება გააჩნია თბილისის მოსახლეობის წინაშე, რასაც უნდა ვემსახუროთ ყოველგვარი პოლიტიკური ინტერესების გარეშე.

შესაბამისად, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში და წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებები გაიმართება გაწერილი განრიგის მიხედვით," - ნათქვამია Facebook პოსტში.

დღის ამბები