26 დეკემბერი 2024,   14:49
ვრცლად
"ყველა რეკომენდაციას დეტალურად შევისწავლით და სადაც ამის რესურსი იქნება, ევროკავშირთან კოორდინაციით დავგეგმავთ შესაბამის ნაბიჯებს" - ლევან მახაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე

"ჩვენ თითოეულ ამ რეკომენდაციასა და შეფასებას სიღრმისეულად განვიხილავთ და სადაც ეს შესაძლებელი იქნება, რა თქმა უნდა, გადავდგამთ შესაბამისს ნაბიჯებს ევროკავშირთან მჭიდრო კოორდინაციით," - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

"ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველომ არა უბრალოდ გააძლიერა და კიდევ უფრო მჭიდრო გახადა ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებთან თანამშრომლობა, იქნებოდა ეს საპოლიციო თანამშრომლობა, სასამართლო თანამშრომლობა, საზღვრის დაცვის მიმართულებით თანამშრომლობა, გარდა ამისა, ჩვენ პირნათლად შევასრულეთ წინა ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციების დიდი ნაწილი. შესაბამისად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გქონდა ასეთი დადებითი მოლოდინი, რომ ზოგადად, იქნებოდა პოზიტიური ეს შეფასება. ამავე დროს, ისევე, როგორც წინა ანგარიშები, ამ ანგარიშებშიც ევროკომისიას აქვს ცალკეული რეკომენდაციები. მაგალითად ის, რომ ჩვენ სავიზო რეჟიმი კიდევ უფრო დავაახლოოთ ევროკავშირთან. მათ შორის ჩინეთთან ჩვენ უვიზო მიმოსვლა გავაფორმეთ ამ წლის განმავლობაში და ამაზე კითხვები აქვს ევროკავშირს. ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს სახმელეთო საზღვარი, საერთო ჯამში, ჩვენ ევროკავშირისთვის არ წარმოვადგენთ რაიმე ტიპის უსაფრთხოებისა თუ მიგრაციის რისკს. ჩვენ თითოეულ ამ რეკომენდაციასა და შეფასებას სიღრმისეულად განვიხილავთ და სადაც ეს შესაძლებელი იქნება, რა თქმა უნდა, გადავდგამთ შესაბამისს ნაბიჯებს ევროკავშირთან მჭიდრო კოორდინაციით.

რაც შეეხება ცალკეულ პირებზე სანქციების შესაძლო დაწესებას, ამაზე საჭიროა ევროპული საბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, სადაც ყველა ქვეყნის პოზიციაა გასათვალისწინებელი და ამის გათვალისწინებით, ჩვენ არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ რაიმე მასშტაბური ტიპის ინდივიდუალურ სანქციებზე შეიძლება იყოს საუბარი," - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკომისიის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში წერია, რომ: "საქართველოს სავიზო პოლიტიკის შემდგომი შესაბამისობაში მოყვანის კუთხით წინსვლა არ განუცდია." ამასთან აღნიშნულია, რომ: "საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მიმდინარეობს განხილვა გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების შესახებ. იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმის შესრულება და თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურება, მიღებულ უნდა იქნეს რიგი გადაუდებელი ზომებისა კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად." ევროკომისიის ანგარიშში, ასევე, ჩამოთვლილია ის მითითებები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს.

 

 

 

დღის ამბები