"ტვ პირველის" გადამღები ჯგუფის შესახებ, რომლებსაც დაუდგენელი ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ, ექიმმა კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აქვთ და მათ თავის ტვინის მსუბუქი შერყევა აღენიშნებათ.
"მედიის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ მაღალტექნოლოგიური კვლევები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა სპეციალისტმა გასინჯა, მსუბუქი თავის ტვინის შერყევა აქვთ. დაზიანებებია ძირითადად თავის არეში, სახის არეში, მუხლის არეში. სტაციონარიზაცია არის საჭირო. მიმდინარეობს გამოკვლევები. გადავიღეთ ტომოგრაფიაც, მოვათავსებთ ნევროლოგიურ დეპარტამენტში. აუცილებლად, სტაციონარში მოთავსდებიან პაციენტები," - ამბობს ექიმი.
ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებიან "ტვ პირველის" თანამშრომლები. გარდა ამისა, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი შევიდა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს კონსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს.