26 დეკემბერი 2024,   14:01
ვრცლად
"საჭიროა უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და მოლაპარაკებების დაწყება - ჩინეთს შეუძლია, დაეხმაროს" - დონალდ ტრამპი

საჭიროა ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და მოლაპარაკებების დაწყება. ძალიან ბევრი სიცოცხლე იკარგება უაზროდ, ძალიან ბევრი ოჯახია განადგურებული და თუ ეს გაგრძელდება, შეიძლება, გადაიზარდოს უფრო დიდ და ბევრად უარეს რამეში, – წერს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ში.

დონალდ ტრამპი ხაზს უსვამს, რომ სამშვიდობო პროცესში თავისი წვლილის შეტანა ჩინეთსაც შეუძლია.

"ასადი წავიდა. ის თავისი ქვეყნიდან გაიქცა. მისი მფარველი რუსეთი, ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით, მისი დაცვით აღარ იყო დაინტერესებული. რუსეთს არ ჰქონია იქ ყოფნის მიზეზი. მათ დაკარგეს მთელი ინტერესი სირიისადმი უკრაინის გამო, სადაც 600 ათასამდე რუსი სამხედრო დაიჭრა ან დაიღუპა ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და, შესაძლოა, სამუდამოდ გაგრძელდეს.

ამჟამად, რუსეთი და ირანი დასუსტებულები არიან, ერთი მხრივ – უკრაინისა და ცუდი ეკონომიკის გამო, მეორე მხრივ – ისრაელისა და მისი საბრძოლო წარმატებების გამო.

ამგვარად, ზელენსკი და უკრაინა გარიგების დადებასა და ამ სიგიჟის დასრულებას ისურვებდნენ. მათ უაზროდ დაკარგეს 400 ათასი სამხედრო და უფრო მეტი სამოქალაქო პირი. საჭიროა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და მოლაპარაკებების დაწყება. ძალიან ბევრი სიცოცხლე იკარგება უაზროდ, ძალიან ბევრი ოჯახი განადგურებულია და თუ ეს გაგრძელდება, შეიძლება, გადაიზარდოს უფრო დიდ და ბევრად უარეს რამეში.

კარგად ვიცნობ ვლადიმერს. მისი დროა, რომ იმოქმედოს. ჩინეთს შეუძლია, დაეხმაროს. მსოფლიო ელოდება", – წერს ტრამპი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, პარიზში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა მაკრონიც. ზელენსკის განმარტებით, შეხვედრა "პროდუქტიული" იყო და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად მუშაობას გააგრძელებენ.

დღის ამბები