„ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე, უნდა გავაცნობიეროთ, რა შეიძლება მოჰყვეს საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩის მცდელობას“, - განაცხადა თბილისის მერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განთავსებულ ვიდეომიმართვაში.
კახა კალაძის თქმით, ყველას საკუთარი წილი პასუხისმგებლობა გააჩნია მიმდინარე მოვლენებზე, რადგან საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩის მცდელობას უმძიმესი შედეგები შეიძლება მოყვეს.
„უკვე მეორე კვირაა, რაც დედაქალაქის მთავარი გამზირი იქცა სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდების, ქვეყნის ჩამოშლის მცდელობის ადგილად. ის იქცა საზოგადოების დაპირისპირების, ბულინგის, შეურაცხყოფის ადგილად. ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ აისახება საზოგადოებაზე, განსაკუთრებით ბავშვებზე, რომლებსაც არ შეიძლება წავართვათ სიხარულისა და ბედნიერების განცდა.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პატარები გავმიჯნოთ მაქსიმალურად პოლიტიკური პროცესებისგან. ვხედავთ, ძალიან სახიფათო საშიშ განცხადებებს. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი გამოდიოდა და მოუწოდებდა სკოლის მოსწავლეებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისკენ. რომ არა საზოგადოების აღშფოთება, დარწმუნებული ვარ, ალბათ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსაც მოუწოდებდა იმავე განცხადებით.
ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რა შეიძლება მოჰყვეს საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩის მცდელობას. განადგურებული რუსთაველის გამზირის ფოტოების დემონსტრირება და სიხარულის ყიჟინით ამის რომანტიზება გაცილებით რთული აღმოსაფხვრელია ჩვენი შვილების ცნობიერებიდან, ვიდრე თვითონ გამზირის განახლება და მისი მოწესრიგება.
უნდა დასრულდეს დაპირისპირება, ქვეყანა დგას უდიდესი გამოწვევების წინაშე, ნახეთ რა ხდება მსოფლიოში, რა პროცესები მიდის. ვფიქრობ ამ გამოწვევების გადალახვა საერთო ძალისხმევითაა დასაძლევი. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მთავარ კითხვას: გვინდა ევროპული მომავალი? მაშინ უნდა გავაგრძელოთ შენება და არა ნგრევა“, -აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე დაიწყო საახალწლო სამზადისთვის საჭირო სამუშაოები და დაიდგა მთავარი ნაძვის ხე. მისივე თქმით, დაუშვებელია, კითხვის ნიშანი დაისვას მშვიდობასა და ქვეყნის განვითარებაზე.
„დღეიდან რუსთაველის გამზირზე დაიწყო საახალწლო სამზადისთვის საჭირო სამუშაოები. რასაკვირველია, თბილისი ისევ იქნება გამორჩეული საახალწლოდ მორთული ქალაქი, რომლის სანახავადაც ბოლო წლებია უამრავი ტურისტი გვსტუმრობს, უამრავი ადამიანი რეგიონებიდან ჩამოდის. რაც მთავარია, ჩვენს პატარებს ისევ ექნებათ შესაძლებლობა, იზეიმონ და ბედნიერები შეხვდნენ ახალ წელს. თქვენ წარმოიდგინეთ, საომარი მოქმედებების დროსაც კი დგამენ ნაძვის ხეს და უქმნიან პატარებს საახალწლო განწყობას.
არანაირი კითხვის ნიშანი არ შეიძლება დაისვას მშვიდობაზე და ქვეყნის განვითარებაზე.
ჩვენ კი ყველამ ერთად უნდა ვუსურვოთ გამარჯვებები ამ ქალაქს და ამ ქვეყანას, რადგან საერთო გამარჯვების გარეშე წარმატება შეუძლებელია.
მიმდინარე წელი გამორჩეული იყო გამარჯვებების სიხარულით, რომელიც ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენებმა მოუტანეს საქართველოს და ჩვენს დედაქალაქს.
ჩვენ ვნახეთ სახალხო ზეიმი თბილისის ქუჩებში - ჩვენი ფეხბურთელების, ჩვენი ოლიმპიელების, პარალიმპიელების გამარჯვებები, UFC (იუ ეფ სი)-ს ორი ჩემპიონი,
სპორტის სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული ისტორიული შედეგები.
წარმატებები გვქონდა არა მხოლოდ სპორტში, სულ ახლახან, მაგალითად, პატარა ანდრია ფუტკარაძემ გაახარა საქართველო და მოუტანა მას საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი, რაც ძალიან მაგარია.
ვისურვოთ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო მეტი გამარჯვების საწინდარი გახდეს საქართველოსთვის. ჩვენი საახალწლო გზავნილიც სწორედ ეს იქნება- „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“! ამ სლოგანის იდეა სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც ამდენი გამარჯვების მოწმენი გავხდით,“- განაცხადა კახა კალაძემ.