ძალადობის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრი ახალი ინიციატივით გამოდის. კანონით, რომელიც თვის ბოლოდან უნდა ამოქმედდეს, შეკრების მონაწილეებს, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა აღარ შეეძლებათ. მთავრობის მეთაური ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკაზეც საუბრობს და მაგალითად გერმანია მოჰყავს, სადაც შეკრების მონაწილეების მიერ სახის დაფარვა აკრძალულია.
ის, რაც ხელისუფლებისთვის ძალადობის პრევენციაა, შიშის ფაქტორია მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის. ასე აღიქვამენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას გახარიას გუნდში. ახალი კანონი არაფერს ცვლის სხვა ოპოზიციონერებისთვისაც. კოალიცია "ძლიერ საქართველოში" განმარტავენ, რომ ხელისუფლება ახალი კანონით პროტესტის შესუსტებას ცდილობს.
სახელისუფლებო გუნდი ნიღბების აკრძალვის მიზანს განმარტავს - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ამ გზით საპროტესტო აქციები მშვიდობიან ფორმას შეინარჩუნებს. კანონდარღვევის შემთხვევაში კი, კანონდამრღვევის იდენტიფიცირება მარტივად მოხდება.
კანონის საერთაშორისო პრაქტიკაზე ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ალექსანდრე დარახველიძე იმ ქვეყნებზე საუბრობს, სადაც აქციებზე ნიღბებით შეკრება აკრძალულია.
ახალი კანონი, რომელიც შეკრებებზე სახის დაფარვის აკრძალვას ეხება, თვის ბოლოდან ამოქმედდება.
ავტორი: იზი ბურნაძე