მე-11 დღე რუსთაველის გამზირზე - უწყვეტი პროტესტი პარლამენტთან გრძელდება. დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტილია. დემონსტრანტების დიდი ნაწილი პაარლამენტის წინ დგას. ამ ეტაპზე რუსთაველის გამზირზე, ასევე 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, წინა დღეებისგან განსხვავებით არც სპეცრაზმი და არც საპოლიციო დანაყოფები არ არიან მობილიზებული.
ამ დროისთვის საპროტესტო აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დედაქალაქის მთავარი გამზირი კვლავ გადაკეტილია - ადგილზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შეკრება ტრადიციულად 19:00 საათზე დაიწყეს. საავტომობილო მოძრაობა კი ბევრად უფრო ადრე გადაიკეტა.
აქციის მონაწილეები ამ დროისთვის აბრახუნებენ პარლამენტის წინ არსებულ რკინის კონსტრუქციაზე და სწორედ ამ ფორმით ცდილობენ მომიტინგეები საკუთარი პროტესტის დაფიქსირებას. საპროტესტო აქციაზე დღეს ადგილი არ ჰქონია არც პიროტექნიკის გამოყენებას.
შეგახსენებთ, მოქალაქეების პროტესტის მთავარი მიზეზია ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. მოთხოვნებს დაემატა კიდევ ერთი - სასწრაფოდ დაისაჯონ მოძალადეები და გაათავისუფლონ დაკავებული აქციის მონაწილეები.