"ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ საუკეთესო პრაქტიკას და ყველაზე მსუბუქ რეგულაციას მივყვებით," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის წინადადებას, რომლის მიხედვითაც, შეკრების მონაწილეებს აეკრძალებათ სხვადასხვა საშუალებით, სახის დაფარვა.
პაპუაშვილის თქმით, მსგავსი რეგულაციები მოქმედებს როგორც ევროკავშირის, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში.
"რაც შეეხება სახის დაფარვას, იდეა რაშიც მდგომარეობს ნიღბების აკრძალვა, არის ის, რომ უპირველეს ყოვლისა, გახსოვთ და ამ საზოგადოებაში გავიზარდეთ ყველა, გვინახავს ბევრი დემონსტრაცია და მიტინგი, როდესაც შენიღბული იყვნენ დემონსტრანტები, ყოველთვის იწვევდა კითხვის ნიშნებს, თუ რა მოტივაცია არის ხოლმე ასეთი ადამიანების უკან. ასეც არის ყველგან. ასეთი რეგულაციები მოქმედებს უმეტეს ქვეყნებში, როგორც ევროკავშირის, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის იდეაც მარტივია - უნდა იყოს შესაძლებელი ასეთი ადამიანების იდენტიფიცირება ერთი მხრივ და, მეორე მხრივ, როდესაც ადამიანი არის შენიღბული და გრძნობს, რომ მისი იდენტიფიცირება არის გართულებული, ის, რა თქმა უნდა, უფრო თამამი არის კანონდარღვევაში და აგრესიაში.
ასე რომ ჩვენ მივყვებით იმ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც არსებობს ევროპაში. ავიღებთ ყველაზე მსუბუქ რეგულაციებს. ევროკავშირში ამ მხრივ, არის რეგულაციები, ზოგ ქვეყანაში, როდესაც საჯარო სივრცეში აკრძალულია სახის დაფარვა. ჩვენ მივყვებით უფრო მსუბუქ რეგულაციას იმ ქვეყნებისას, სადაც ასეთი შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ შეკრებების დროს. მთავარი იდეა სწორედ ამაში მდგომარეობს. ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ საუკეთესო პრაქტიკას და ყველაზე მსუბუქ რეგულაციას მივყვებით," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.