ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, შეერთებული შტატების ავიაციამ "აისისის" პოზიციები დაბომბა. საუბარია ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე, 75-ზე მეტი ობიექტის შესახებ. ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელის განმარტებით, შტატები "ისლამურ სახელმწიფოს“ შექმნილი ვითარებით სარგებლობის და გაძლიერების შესაძლებლობას არ მისცემს - ცნობილია, რომ სირიიდან გაქცეული ბაშარ ალ ასადი ოჯახთან ერთად მოსკოვშია.
ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს. ასადის რეჟიმის მოკავშირე რუსეთმა, მას თავშესაფარი მისცა. მეამბოხეების მიერ დამასკოს და სირიის უდიდესი ქალაქების აღების შემდეგ, სირიაში ასადების ოჯახის მმართველობის ნახევარ საუკუნოვანი მმართველობა დაემხო. რასაც წინ თითქმის 13 წლიანი სამოქალაქო ომი უძღოდა. ასადის ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპა ასი ათასობით მოქალაქე.
მილიონობით კი დევნილად იქცა. ასადის რეჟიმის დასრულებას მიესალმა ჯო ბაიდენი. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ეს "ისტორიული შესაძლებლობაა სირიის დიდხანს ტანჯული ხალხისთვის უკეთესი მომავლის ასაშენებლად." სირიელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა გერმანიის კანცლერმა.