ბიძინა ივანიშვილთან ემანუელ მაკრონის სატელეფონო ზარი, პოლიტიკური შეფასებების მთავარ თემად რჩება - ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დასაბრუნებლად, ეს ფაქტი ხელისუფლებისთვის მაშველი რგოლია და იმედს გამოთქვამენ, რომ "ქართული ოცნება" მას გამოიყენებს.
“პრეზიდენტ მაკრონის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება ვითარების და შემდგომ მისი ჩართულობა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყანაში საბოლოო ჯამში კრიზისის განმუხტვას. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი მაკრონი გააგრძელებს აქტიურ მონაწილეობას ამ პროცესში. რაც შეეხება დიალოგს, რა თქმა უნდა, დიალოგისთვის მზად ვართ, ამ დიალოგის საგანი უნდა იყოს ახალი არჩევნების ჩანიშვნა“, - აცხადებს ”ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.
ოპოზიცია ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას ითხოვს.
"სასწრაფო გათავისუფლება ყველა პოლიტპატიმრის და არა კიდევ მეტი დაკავება. მაკრონთან საუბრის მერე კიდევ გააგრძელა დაჭერები ივანიშვილის რეჟიმმა და მეორე - ახალი არჩევნები, თავისუფალი პოლიციით, დამოუკიდებელი ნეიტრალური სამართალდამცავი უწყებებით და ახალი ადმინისტრაციით, რა თქმა უნდა, ამაზე ხელი უნდა მოგვიწეროს ივანიშვილმა“, - აცხადებს ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.
ავტორი: იზი ბურნაძე.