"ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუა საქართველოში ევროპარლამენტარების დელეგაციის ჩამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ესენი ის დეპუტატები არიან, რომლებიც "საქართველოს გაშავებით" არიან დაკავებულები.
ზარქუამ გაიხსენა რეზოლუციები მიხეილ სააკაშვილისა და დავით კეზერაშვილის შესახებ და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მსგავსი უსამართლო რეზოლუციების ავტორებს არც შეხვდება და არც მათი აზრი აინტერესებს.
"ხომ იცით რომლებიც არიან? რომლებიც დაკავებულები არიან საქართველოს გაშავებით, რომლებიც რეზოლუციას რეზოლუციაზე იღებენ, რომ თურმე, სააკაშვილს ვკლავთ. ის ჯიგარი ემუქრება კიდეც გარკვეულ ჯგუფებს და იქიდან მოძღვრავს რევოლუციურ სცენარს, მშვენივრად არის. და მეორე - ევრო რეზოლუციაში რომ ჩაგვიწერეს, თითქოს კეზერაშვილი არის თურმე მედიამენეჯერი და ვდევნით - ასეთი უსამართლო რეზოლუციების ავტორები ჩამოვიდნენ და ბუნებრივია, ჩვენ არც შევხვდებით, არც გვაინტერესებს. მათი აზრი არ გვაინტერესებს, რადგან ისინი არიან "ნაცსექტის" დამატებები, ლობისტური კომპანიების მიერ დაქირავებული მუშაკები, რომლებიც ცდილობენ, რომ უსამშობლოების გარკვეული ჯგუფების ლიდერები, საზოგადოება და ახალგაზრდები რომ შეცდომაში შეჰყავთ, კიდევ უფრო მეტად გააძლიერონ. მილევად რეჟიმშია.
კუბილიუს, აქაც კი მოგტეხეს, ჩემო ძმაო. ადრე, ჩვენ გვამუნათებდი, არაადეკვატურ რაღაცებს გვიწერდი ევრო რეზოლუციაში, მოწოდებებიც მახსოვს. თქვენმა კოლეგებმა მიიჩნიეს, რომ არაა თქვენი საქმე პოლიტიკა და კოსმოსის შემსწავლელი მიმართულებით გაგიშვეს. იქ არის თქვენი ადგილი - კოსმოსი შეისწავლეთ, პოლიტიკას შეეშვით," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ევროპარლამენტარების დელეგაცია ჩამოვიდა. ისინი უკვე ესაუბრნენ ოპოზიციის წევრებს. დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებთან.
ჩამოსვლამდე, ევროდეპუტატმა რასა იუკნევიჩიენემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თბილისში ჩამოდიან, რათა სოლიდარობა ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველებს გამოუცხადონ.
რასა იუკნევიჩიენეს გარდა, რომელიც "ევროპის სახალხო პარტიას" (EPP) წარმოადგენს, დელეგაციის შემადგენლობაში არიან ასევე "ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) წევრი მიჰალ ჩერბა, "განაახლე ევროპის" ორი წევრი საფრანგეთიდან - ნატალი ლუაზო და ბერნარდ გეტა; "სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის" წევრი ტობიას კრემერი და "მწვანეების" წარმომადგენელი ნიდერლანდებიდან რაინიე ვან ლანშოტი.