12 დეკემბერი 2024,   14:37
ვრცლად
"ვინც ჩამოვა სტუმრად - კი ბატონო, ვინც ჩამოვა შეურაცხყოფისთვის - შესაბამის პასუხს მიიღებს" - გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტარების ჩამოსვლაზე

"ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ევროპარლამენტარების კრიტიკა უხერხულია იმ ფონზე, რაც ევროპარლამენტში კორუფციის ბრალდებით არაერთი პირი დააკავეს.

ევროპარლამენტარების ვიზიტთან დაკავშირებით კი მაჭარაშვილი ამბობს, რომ თუ ვინმე შეურაცხყოფისთვის ჩამოვა, შესაბამის პასუხს მიიღებს.

"ევროპარლამენტარებზე შეგვიძლია ბევრი აღარც ვისაუბროთ. რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპარლამენტში კორუფციასთან დაკავშირებით დააკავეს ვიცესპიკერი, 10-ზე მეტი ევროპარლამენტარი და ა.შ. იქიდან საქართველოსთან მიმართებაში ჭკუის სწავლება, ცოტა არ იყოს, უხერხულია.
რაც შეეხება ვიზიტს: ვინც ჩამოვა სტუმრად, - კი ბატონო, ვინც ჩამოვა შეურაცხყოფისთვის - შესაბამის პასუხს მიიღებს," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ევროპარლამენტარების დელეგაცია ჩამოვიდა. ისინი უკვე ესაუბრნენ ოპოზიციის წევრებს. დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებთან.

ჩამოსვლამდე, ევროდეპუტატმა რასა იუკნევიჩიენემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თბილისში ჩამოდიან, რათა სოლიდარობა ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველებს გამოუცხადონ.

რასა იუკნევიჩიენეს გარდა, რომელიც "ევროპის სახალხო პარტიას" (EPP) წარმოადგენს, დელეგაციის შემადგენლობაში არიან ასევე "ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) წევრი მიჰალ ჩერბა, "განაახლე ევროპის" ორი წევრი საფრანგეთიდან - ნატალი ლუაზო და ბერნარდ გეტა; "სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის" წევრი ტობიას კრემერი და "მწვანეების" წარმომადგენელი ნიდერლანდებიდან რაინიე ვან ლანშოტი.

ამავე თემაზე
დღის ამბები