12 დეკემბერი 2024,   14:36
ვრცლად
"ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაუდასტურონ ქართველ ხალხს მხარდაჭერა... განიხილება სანქციებიც" - თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტარების ჩამოსვლაზე

”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ევროპარლამენტარები ქართველი ხალხისთვის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დასადასტურებლად ჩამოვიდნენ. მისივე თქმით, ერთ-ერთი განსახილველი თემა სანქციებია.

"დღეს ნამდვილად არის გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და ძალიან მიხარია, რომ ევროპარლამენტარების ინტერფრაქციული, წარმომადგენლობითი ჯგუფი არის ჩამოსული საქართველოში. ისინი აქ ჩამოვიდნენ, მათ შორის იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაუდასტურონ ქართველ ხალხს მათი მხარდაჭერა. განიხილება სანქციებიც - იცით, რომ ეს არ იქნებოდა პირველი შეხვედრა, სადაც სანქციების თემა განიხილება," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით კი, საერთაშორისო პარტნიორები ხვდებიან, რომ განცხადებებიდან ქმედებაზე უნდა გადავიდნენ.

"ნებისმიერი ქომაგი, რომელიც დასავლეთიდან ჩამოვა, ნებისმიერი საერთაშორისო პარტნიორი, ვფიქრობ აცნობიერებს, რომ მხოლოდ გაკეთებული განცხადებები, მხოლოდ დაფიქსირებული პოზიციები და რეზოლუციები [არაფერს ნიშნავს]. მნიშვნელოვანია, თუმცა მათ სჭირდება აღსრულება. როდესაც რეზოლუციას გამოსცემ, ის უნდა აღსრულდეს - წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთმა რეზოლუციამ შეიძლება ფასიც კი დაკარგოს," - აცხადებს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ევროპარლამენტარების დელეგაცია ჩამოვიდა. ისინი უკვე ესაუბრნენ ოპოზიციის წევრებს. დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებთან.

ჩამოსვლამდე, ევროდეპუტატმა რასა იუკნევიჩიენემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თბილისში ჩამოდიან, რათა სოლიდარობა ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველებს გამოუცხადონ.

რასა იუკნევიჩიენეს გარდა, რომელიც "ევროპის სახალხო პარტიას" (EPP) წარმოადგენს, დელეგაციის შემადგენლობაში არიან ასევე "ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) წევრი მიჰალ ჩერბა, "განაახლე ევროპის" ორი წევრი საფრანგეთიდან - ნატალი ლუაზო და ბერნარდ გეტა; "სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის" წევრი ტობიას კრემერი და "მწვანეების" წარმომადგენელი ნიდერლანდებიდან რაინიე ვან ლანშოტი.

ამავე თემაზე
დღის ამბები