"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმის პროკურორი, ზვიად გუბელაძე განმარტავს, რატომ მიმართა პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით.
"ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ დღეის მდგომარეობით, ამ ეტაპზე საჭირო არ იყო აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი ღონისძიების - პატიმრობის გამოყენება, ვინაიდან ნაკლები აღკვეთის ღონისძიება - გირაო უზრუნველყოფდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მიზნებს, ამიტომ ჩვენ შუამდგომლობა დავაყენეთ, სასამართლომ გაიზიარა, დააკმაყოფილა და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო 4 000 ლარის ოდენობით," - განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, სასამართლომ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალეს. ამით მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ბრალდების მხარე 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს ძალადობით ან ძალადობის მუქარით პოლიტიკური ნიშნით დევნას ედავებიან.