ზელენსკი, ევროპული საბჭოს სხდომის ფარგლებში, ევროპელ პარტნიორებს შეხვდა. მოლაპარაკებები გაიმართა საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დანიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ჩეხეთის ლიდერებთან, ასევე - ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან.
ბრიუსელში ვიზიტი უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე შეაჯამა. მისი განცხადებით, ევროპის უსაფრთხოების გარანტიები და გაყინული კონფლიქტი არ იქნება საკმარისი უკრაინისთვის, რომელიც ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის.
პარალელურად ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ, განაგრძობენ ბრძოლას თუ იწყებენ სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
"უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ომის დასრულება გვინდა. გვჭირდება მდგრადი მშვიდობა. ცხადია, რომ ეს რუსეთს არ სურს და ამის დემონსტრირებას მუდმივად ახდენს. ვფიქრობ, მხოლოდ ევროპული გარანტია უკრაინისთვის საკმარისი არ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს თუ მომავალში, ჩვენთვის, რეალური უსაფრთხოების გარანტია ნატო-ში მდგომარეობს. უკრაინა არ დათანხმდა რუსულ ულტიმატუმს. ალბათ, გახსოვთ შეხვედრები ბელარუსსა და თურქეთში. ამ შეხვედრებს ისტამბულის მოლაპარაკებები შეარქვეს. უკრაინას არაფრისთვის მოუწერია ხელი, არანაირი მოლაპარაკება არ შემდგარა", - აცხადებს ზელენსკი.