საქალაქო სასამართლოში არჩილ მეფარიძის პროცესი გაიმართა. პროკურატურა მომღერალს ლელა ჯუღელის მიმართ ძალადობასა და მუქარას ედავება. დღეს დასრულდა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი, რა დროსაც გამოიკითხეს თავად არჩილ მეფარიძეც.
ადვოკატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის ახლობლები კი აცხადებენ, რომ ბრალდებული საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენას ცდილობს.
ნანული სარაჯიშვილი, ლელა ჯუღელის ოჯახის ახლობელი: "თავი ისე წარმოაჩინა, თითქოს თვითონ არის დაზარალებული და მსხვერპლი - ეს იყო ჩემთვის ძალიან გასაკვირი. ყველანაირი ძალადობა, გინდა ქალის, გინდა კაცის მიმართ, არ არის მიზანშეწონილი".
ელენე რევიშვილი, ლელა ჯუღელის ოჯახის წევრი: "დღეს, სასამართლოს წინაშე წარსდგა ტიპური მოძალადე, რომელიც ცდილობს, თავი წარმოაჩინოს მსხვერპლად. მტკიცებულებები არის ის, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერები და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა".
საქმის პროკურორი, თამარ ყუჯანიშვილი კი აცხადებს, რომ ბრალდებულმა ვერცერთ კითხვას დამაჯერებელი პასუხის ვერ გასცა.
"ბრალდებულმა ბრალდების მხარის მხრიდან დასმულ კრიტიკულ შეკითხვებს, შეიძლება ითქვას, ვერ გასცა პასუხები. ეს პასუხები იყო ორაზროვანი რასაც, რა თქმა უნდა, დასკვნით სიტყვაში შეაფასებს ბრალდების მხარე. მივიჩნევთ, რომ საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, ვინაიდან ჩვენს მხრიდან წარდგენილი და გამოკვლეულია არაერთი დამაჯერებელი მტკიცებულება", - აცხადებს პროკურორი.