საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გარეთ უორდი დაიბარეს. ბრიტანელ დიპლომატს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების გამო.
მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას.
გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება.
შეხვედრის დასასრულს გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობა დაუბრუნდება პოზიტიურ დინამიკას.