პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, განათლების სამინისტრო უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR) "საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის" რეგისტრაციის გაუქმებას გაასაჩივრებს.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, გადაწყვეტილება 2023 წლის საქართველოს საკანონმდებლო მდგომარეობას ეყრდნობა, რის შემდეგაც პარლამენტმა ხარვეზები გამოასწორა.
"ამ ორგანიზაციის წევრობა არის კარგი, მაგრამ არანაირი კავშირი ამას დიპლომატების აღიარებას აღიარებასთან თუ სხვა პრაქტიკულ საკითხებთან, რომელიც მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, არ აქვს.
ეს [ხარვეზები] საკანონმდებლო საკითხია, რომელიც ამ ორგანიზაციის წარმოდგენით არ შეესაბამება გარკვეულ სტანდარტს, არაფერი განსაკუთრებული არაა. საკითხი ეხება იმას, ამა თუ იმ დანიშვნებთან დაკავშირებით როგორი უნდა იყოს საკანონმდებლო რეგულაციები. ეს საკანონმდებლო ხარვეზი ჩასწორდა. ის, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა, ამიტომ განვჭვრიტეთ წინასწარ და ჩასწორდა კანონში. განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას, რაც შეეხება საქართველოს კანონმდებლობას 2023 წლის მდგომარეობით. რასაც ENQA [უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია] საუბრობს, დღეს აქტუალური აღარაა, რადგან დღევანდელი კანონმდებლობა სხვანაირად გამოიყურება. გასაჩივრების მოკლე ვადებია და იმედია, ამის შედეგად ეს ყველაფერი პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. თუმცა ამას სტუდენტებზე, დიპლომებზე, არავითარი პრაქტიკული გავლენა არ აქვს. ENQA-ს წევრი საერთოდ არ ვიყავით, ევროპაში კი ჩვენი დიპლომები დიდი ხანია აღიარებულია. სულ რამდენიმე წელია, რაც ENQA-ს წევრი ვართ,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.