ახალი წლის დღეების აღნიშვნა მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. 2025 წლის შესახვედრად მზადებაა რეგიონებში.
დღეს საზეიმო განწყობა იყო მარნეულში, სადაც მთელი დღის განმავლობაში გასართობი სივრცეები ყველა თაობის წარმომადგნლისთვის მომზადდა. ანიმატორები და ზღაპრის გმირები პატარების განწყობაზე ზრუნავდნენ. მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც.
ზღაპრის გმირები, დრამერები, საახალწლო თემატიკით შექმნილი დეკორაციები და ინსტალაციები - მოსახლეობის განწყობაზე ყვარელში მთელი დღის განმვალობაში ზრუნავდნენ.
"ახალი წლის დღეები საქართველოში" - საზეიმო განწყობა ზღვის დონიდან 1740 მ-ზე მდებარე ყაზბეგშიც მთელი დღის განმვალობაში იგრძნობოდა. მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. საზეიმო განწყობას ანიმატორებთან ერთად ზღაპრის გმირები ქმნიდნენ.
საზეიმო ღონისძიების მასპინძელია ამბროლაურიც. რუსთაველის ქუჩაზე ხის საახალწლო სახლები, სტენდები ფოტოგადაღებისთვის და სხვადასხვა ინსტალაცია განთავსდა.
სადღესასწაულოდ მოეწყო სენაკის ცენტრალური მოედანი. აქაც განთავსდა ხის საახალწლო სახლები და გასართობი დეკორაციები. გაიმართა დრამერების მსვლელობაც. ადგილობრივმა მეწარმეებმა კი საკუთარი პროდუქცია გამოფინეს.
საახალწლო განწყობაა ხარაგაულშიც. თოვლის ბაბუას სახლი, სტენდები ფოტოგადაღებისთვის და სპეციალური ჯიხურები ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვისთვის. საახალწლო ღონისძიებები დღეს ყველა რეგიონში გალაკონცერტითა და ნაძვის ხის ანთებით დასრულდა.
63 ქალაქი და დაბა ბაკურიანი - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, "ახალი წლის დღეები" წელს უკვე მეოთხედ იმართება. ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით, 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.