"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესების შესახებ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის ამ ერთი გადაწყვეტილებით დადასტურდა ის, რასაც მმართველი პარტია ამდენი ხნის მანძილზე ამტკიცებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დე ფაქტო სანქციები იყო.
მდინარაძის განცხადებით, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამაც დაადასტურა.
"ჩვენ წლების განმავლობაში გვესმოდა რომ თითქოს არაფერი საერთო არ ჰქონდა დე ფაქტო სანქციებს, კრედიტ სუისთან დავას და ასეთ საკითხებს პოლიტიკასთან და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან, თუმცა გუშინ ერთი გადაწყვეტილებით მკაფიოდ და მყარად დადასტურდა, რომ ის, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ იყო დე ფაქტო სანქციები, რომ "კრედიტ სუისის" დავა გამოწვეული იყო პოლიტიკური დასჯის მცდელობით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული, ამერიკის შეერთებული შტატების წარმავალმა, მაგრამ ჯერ კიდევ მოქმედმა ადმინისტრაციამ ერთი გადაწყვეტილებით აღიარა, რომ ეს იყო პოლიტიკური კონტექსტი თავიდან ბოლომდე და აქამდე ყველა უარყოფა იყო აბსოლუტური ტყუილი და ის, რომ "კრედიტ სუისი" დავობდა ასეულობით მილიონ დოლარს და აქ წლების განმავლობაში იყო ხელოვნურად გაჭიანურების ბევრი პრეცედენტი, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთ სიტყვაში, ერთ გადაწყვეტილებაში გუშინ ეს თავად ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა, წარმავალმა ადმინისტრაციამ დაადასტურა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.