პრეზიდენტობის მსგავსად, ჟურნალ "თაიმის" ყდაზე, წლის ადამიანის სტატუსით უკვე მეორედ დაბრუნდა. ამერიკის ისტორიაში დონალდ ტრამპი, 78 წლის ასაკში, ყველაზე ხანდაზმული კანდიდატია, ვისაც საპრეზიდენტო არჩევნებში გაუმარჯვია. ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს ისტორიაში ტრამპი ასევე პირველი პრეზიდენტია, რომლის იმპიჩმენტი ორჯერ განხორციელდა და რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ნასამართლევია. თუმცა ამ დაბრკოლებებს მისთვის ხელი არ შეუშლია ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე და 47-ე პრეზიდენტის სტატუსი მოერგო. დონალდ ტრამპის თეთრ სახლში ტრიუმფით დაბრუნება, წლის მთავარი მოვლენა გახდა.
ტრამპს უკვე მიენიჭა იგივე წოდება 2016 წელს, როდესაც მან პირველად მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ ახლად არჩეულ პრეზიდენტს 2024 წლის ვერსია უფრო მოსწონს. ჟურნალი "თაიმი" საკუთარ დროს და ყდას დონალდ ტრამპს ხშირად უთმობდა. თუმცა ამ ყურადღების დიდი ნაწილი პრეზიდენტის პოლიტიკის კრიტიკას ეთმობოდა.
სწორედ ეს ფაქტი გაიხსენა დონალდ ტრამპმა ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე სტუმრობისას, როდესაც ხუმრობით თქვა, რომ ჟურნალის ყდების 25 პროცენტის გარდა - დანარჩენს მალავს, რადგან 75 პროცენტში მისი კრიტიკაა
ამერიკის ისტორიაში უპრეცედენტო პოლიტიკური დაბრუნების ავტორმა, პრეზიდენტობამდე დაამარცხა რესპუბლიკელი კანდიდატები, მოიგო შვიდ მერყევ შტატში და ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველი რესპუბლიკელი გახდა, რომელმაც სახალხო კენჭისყრაში გაიმარჯვა. პოლიტიკურად გათვლილი სცენარების პარალელურად, წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა ის მოულოდნელი ფაქტები, რომლებმაც შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშეს ტრამპის გამარჯვებაში.
13 ივლისს, ამერიკის დროით საღამოს 18.10 წუთი. რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერთან რამდენიმე ათას მხარდამჭერს მიმართავს. შემთხვევა სწორედ ამ დროს მოხდა
მოგვიანებით გაირკვა, რომ ტრამპს, სცენიდან დაახლოებით 140 მეტრში მდებარე შენობის თავზე ჩასაფრებულმა, თომას მეთიუ კრუქსმა რვაჯერ ესროლა, ვიდრე უსაფრთხოების სამსახურის მიერ გახსნილი საპასუხო ცეცხლი თავად მას გაანეიტრალებდა. კრუქსის ნასროლი ტყვიებიდან, ერთი ტრამპს ყურში მოხვდა. რატომ სურდა 20 წლის კრუქსს, რესპუბლიკელი კანდიდატის მოკვლა, მოტივის დადგენა საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივაა, თუმცა ერთი რამ ცხადია - მსუბუქად დაჭრის შემდეგ, დასისხლიანებული დონალდ ტრამპის ფოტოებმა და მუშტმოღერებულმა შეძახილმა - ბრძოლა! წარუშლელი კვალი დატოვა 2024 წლის პოლიტიკურ კალენდარში.
დაახლოებით ორ თვეში, ტრამპი ისევ სამიზნე გახდა, თუმცა ამ შემთხვევაში, ამერიკის მოქალაქე 58 წლის რაიან როუთი დროულად დააკავეს. გასროლა მაშინ მოხდა, როდესაც ფლორიდაში, პალმ ბიჩის რეზიდენციაში, დონალდ ტრამპი გოლფს თამაშობდა. გამოძიების ინფორმაციით, როუთი გოლფის მოედნის მახლობლად ბუჩქებში დაიმალა. მაგრამ საიდუმლო სამსახურის აგენტმა ბუჩქებში ავტომატის ლულა დაინახა და გამაფრთხილებლად გაისროლა. ეჭვმიტანილმა ადგილიდან მანქანით მიმალვა ცადა, თუმცა ის მალე დააკავეს. გისოსებიანი ღობის უკან, ბუჩქებში, რომლებიც გოლფის კლუბს გზატკეცილიდან ყოფს. აღმოაჩინეს ნახევრად ავტომატური თოფი სნაიპერის სამიზნით და ვიდეოკამერა.
დაბრკოლებების მიუხედავად, დონალდ ტრამპი 20 იანვარს ამ სიტყვებს მეორედ წარმოთქვამს. 2024 წლის პოლიტიკური ტრიუმფით დასრულების შემდეგ, არსებობს მოლოდინი, რომ ის გადამწყვეტ როლს შეასრულებს ახალი მსოფლიო წესრიგის მოწყობაში. მან თავად თქვა, რომ შეუძლია უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების 24 საათში დასრულება. შეამცირებს, თუ არა ვაშინგტონი კიევის სამხედრო დახმარებას და იქნება თუ არა ეს მძიმე გამოწვევა ევროკავშირისთვის, რომელმაც ცივი ომის შემდეგ სამხედრო ხარჯები ყველაზე მაღალ დონემდე გაზარდა. ანტონიო კოშტამ, პორტუგალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც შარლ მიშელი შეცვალა, წლის ბოლოს ბრიუსელში ევროპელ ლიდერებთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი მიიწვია და თქვა, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერაში ერთიანია.
პარტნიორებს რომ ევროპა არ მიატოვებს, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ მაშინ გაიმეორა, როცა მეორე ვადით ევროკომისიის პრეზიდენტად აირჩიეს.ევროკომისიის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი ქალი, ორგანოს კიდევ ხუთი წლის ვადით უხელმძღვანელებს. გერმანელ პოლიტიკოსს ევროკომისიის პრეზიდენტის მანდატი 2029 წლამდე გაუხანგრძლივდა. ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევას 401 მომხრე და 284 წინააღმდეგი ჰყავდა. მეორე ვადით აირჩიეს ფონ დერ ლაიენის მსგავსად პოსტზე რობერტა მეცოლაც. მალტელი კანონმდებელი პირველი ქალია, რომელიც ევროპარლამენტის თავმჯდომარე მეორე ვადით გახდა.
წამყვანი თანამდებობები უკვე დაკომპლექტებულია, თუმცა ჯერ კვლავ რთულია განსაზღვრო რა მიმართულებით დაიწყებს პოზიციონირებას არჩევნების შედეგების მიხედვით , ოდნავ მარჯვნივ გადახრილი ევროპარლამენტი. 2024 წელს, დაახლოებით 360 მილონმა ამომრჩეველმა 720 მანდატიანი პარლამენტი ახლებური პარიტეტით გადაანაწილა. მართალია, ევროპარლამენტის უმრავლესობას 403 მანდატით, კვლავ სამი ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი- ევროპის სახალხო პარტია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი და ევროპული ჯგუფი იკავებს, თუმცა არჩევნების შემდეგ გამოვლინდა ულტრამემარჯვენე ძალების დაწინაურება. მაგალითად საფრანგეთში მარი ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ „ეროვნული გაერთიანება“ ორჯერ მეტი მანდატი მოაგროვა, ვიდრე ემანუელ მაკრონის პარტიამ რენესანსი. რის გამოც პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.
საფრანგეთის პრეზიდენტისთვის შემაშფოთებელი იყო არჩევნების პირველი ტური, რომელიც „სეისმური“ არჩევნების სახელით მონათლეს. აშკარა უპირატესობით ისევ ულტრამემარჯვენე პარტიამ გაიმარჯვა. მეორე ტურში კი არჩევნებამდე შექმნილმა მემარცხენე ალიანსმა მოიპოვა უპირატესობა. თუმცა რამდენად განაპირობებს ეს შედეგი პოლიტიკურ სტაბილურობას ჯერ ცოტა ბუნდოვანია, თუ იმ ფაქტსაც მივიღებთ მხედველობაში, რომ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეოთხე მთავრობა წარადგინა. პოლიტიკური სეისმურობის მხრივ მოწყვლადი აღმოჩნდა გერმანიაც, სადაც ევროპარლამენტში ნაჩვენები შედეგების მიხედვით მესამე ადგილზე გავიდა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია. პირველ ადგილზეა მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია, ქრისტიან-დემოკრატთა კავშირი რომელიც EPP-ის პოლიტიკურ ოჯახშია. მეორე ადგილზე კი - მემარჯვენე პარტია, “ალტერნატივა გერმანიისათვის”.
ახლა გერმანიაც ბუნდესტაგის არჩევნებს მოლოდინშია, მას შემდეგ რაც ფედერალურ კანცლერს, პარლამენტმა უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა კოალიციური მთავრობის დაშლის შემდეგ. ნდობის ვოტუმის თაობაზე კენჭისყრა თავად შოლცმა მოითხოვა მას შემდეგ, რაც მან ნოემბერში ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი გაათავისუფლა ბიუჯეტის დაფინანსების თაობაზე უთანხმოების გამო. გერმანიის პრეზიდენტმა მასზე დაკისრებული დისკრეცია უკვე შეასრულა, დაითხოვა პარლამენტი და ვადამდელი არჩევნები მომდევნო წლის 23 თებერვალს ჩანიშნა. პოლიტიკური კრიზისის მაჩვენებელია ფაქტი, რომ კანცლერისადმი ნდობის თაობაზე კენჭისყრა იშვიათი მოვლენაა გერმანიაში. მსგავსი შემთხვევა ქვეყნის ომისშემდგომ ისტორიაში მეექვსედ მოხდა.
2024 საპარლამენტო არჩევნების წელი იყო ბრიტანეთში. რომლის შედეგმაც შეცვალა 14 წლიანი მმართველობისა და ხუთი პრემიერ-მინისტრის მოღვაწეობის პერიოდი. აქამდე არსებული სტატუს ქვო არჩევნებმა შეატრიალა და კონსერვატიულმა პარტიამ ოპოზიციაში გადაინაცვლა. მართვის სადავეები ახლა ლეიბორისტების ხელშია. ლეიბორისტული პარტიის პირველი ლიდერის კირ ჰარდის სეხნია, 61 წლის სერ კირ სტარმერი კი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან შეეცდება შეცვალოს და გადალახოს ის იმედგაცრუება და წინაღობები, რაც ბრიტანეთში კონსერვატიული პარტიის ხანგრძლივი მმართველობის შემდეგ დარჩა.
პოლიტიკური ვექტორების გადალაგებისა და მსოფლიო წესრიგის ცვლილების პროცესში, წელს დაპირისპირებულმა მხარეებმა მოლაპარაკებების ნაცვლად კვლავ რაკეტები და ტყვიები გამოიყენეს ახლო აღმოსავლეთში. ასე მოხდა 1 ოქტომბერს, როდესაც თეირანმა ისრაელის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებით მასშტაბური შეტევა განახორციელა. 180 – 200 რაკეტა ისრაელის ცაზე, ლიბანში ისრაელის სამხედრო ოპერაციის საპასუხო შურისძიება იყო. ახლო აღმოსავლეთში ვითარება განსაკუთრებით მაშინ გამწვავდა, როცა თეირანში ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე, ხოლო ბეირუთში -ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა მოკლეს. რეგიონში ფართო საომარი მოქმედებების საფრთხის ფონზე იმედისმომცემი იყო 27 ნოემბრის შეთანხმება ისრაელსა და ჰესბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. თუმცა უკვე დარღვეული, მყიფე ზავის სრული ამოქმედების შემთხვევაშიც, ღია რჩებოდა და რჩება ისრაელი ჰამასის დაპირისპირება, რომლის შედეგადაც ღაზას სექტორში 45 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.
ადამიანური, მატერიალური, ინფრასტრუქტურული დანაკარგები და ზიანი მოიტანა ბევრ ქვეყანაში ბუნებრივმა კატაკლიზმებმა. კოკისპირული წვიმები, წყალდიდობები და ხანძრები ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში და ამერიკის კონტინენტზე.
ბუნებრივი მოვლენებისგან გამოწვეულ მძიმე შედეგებთან ბრძოლა როგორც ჩანს უახლოესი წლების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დარჩება.